ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც პროგნოზირებადი გახდა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე

სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერი, „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ერთ-ერთი უშუალო კონკურენტისა და დაუძინებელი მტრის, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. „ბიანკონერისთან“ ჩანიშნულ მატჩამდე, „პარტენოპეის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრი იწერება და იტალიურ პრესაში მასზე აქტიურად საუბრობენ.

ივან ძაძარონი (Corriere dello Sport-ის რედაქტორი): „სამპდორიასთან მატჩში ვიხილე ფეხბურთელი, რომელმაც ვერ იკაშკაშა და საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა. იგი არ ცდილობდა, ისე ეთამაშა, როგორც ამას ადრე აკეთებდა და გადაღლილი ჩანდა. იმედი მაქვს, ეს მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის ბრალია და ხვიჩასთან მიმართებით, ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ. პირველი - მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა იგი შეისწავლეს და ელოდებიან, რას გააკეთებს. და მეორე - მან გამბედაობა უნდა დაიბრუნოს და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს“.

მიშელ მარცულო (სპორტული ექიმი): „კვარაცხელიასთან მიმართებით გაზვიადებას ჰქონდა ადგილი და ბევრი ფიქრობდა, რომ იგი ახალი მარადონა იყო. შედეგად, მას პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომელსაც ვერ უმკლავდება და მისი ცუდი სათამაშო ფორმა უფრო ფსიქოლოგიური პრობლემითაა განპირობებული, ვიდრე ფიზიკური კონდიციებით. იგი გუნდურ თამაშში მონაწილეობას თითქმის არ იღებს და ცდილობს, ყველაფერი მარტომ გააკეთოს“.

Corriere della Sera (ცნობილი იტალიური გაზეთი): „უახლოესი წარსულისგან განსხვავებით, სპალეტის კვარას სტატისტიკის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა მეტოქისთვის სახიფათო მდგომარეობაში ხშირად რჩება და სცენაზე დაბრუნება სურს, მიზანი დაკარგა და პროგნოზირებადი გახდა“.

ანდრეა აგოსტინელი (იტალიელი მთავარი მწვრთნელი): „ნეაპოლი მნიშვნელოვანი გამოსაცდელი ადგილია. ხვიჩაზე რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვითარება უფრო და უფრო უარესი ხდება, რადგან ეს ბიჭი პასუხისმგებლობას გრძნობს, რომ ყველა შეხვედრაში გადამწყვეტი იყოს და განსხვავება შექმნას. თუ მეტოქეები მასზე ორმაგ დაცვას დააწესებენ, ეს ნაპოლისთვის უპირატესობა იქნება და სპალეტიმ და მთელმა გუნდმა იმდენი უნდა ქნან, რომ მასზე განხორციელებული წნეხი შეამცირონ“.

სტეფან სკვოკი (ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი): „ახლა მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მას სხვანაირად ეთამაშებიან და ეს ნორმალურია. ლოგიკურია, რომ მის შეჩერებას ცდილობენ, რადგან ის ნაპოლისთვის მომენტებს დაუღალავად ქმნის. თუ კვარას არ ვათამაშებთ, პარტენოპეი მნიშვნელოვან იარაღს დაკარგავს“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუხვდება, რომელსაც ზედიზედ 8 მოგება აქვს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ასეთი მდგომარეობა დროის საკითხია“ - Calciomercato-ს სტატია ხვიჩაზე
„კვარას ასეთი მდგომარეობა დროის საკითხია“ - Calciomercato-ს სტატია ხვიჩაზე