გიორგი მაკარიძე, მარიტიმუ
Aa
Aa

გიორგი მაკარიძემ ესპანური პონფერადინა დატოვა

31 წლის ქართველმა მეკარემ, გიორგი მაკარიძემ ესპანური „პონფერადინა“ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. ინფორმაცია ქართველი ფეხბუთელის უკვე ყოფილმა გუნდმა დაადასტურა.

„გიორგი მაკარიძემ „პონფერადინასთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. მადლობა და წარმატებები სამომავლოდ“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სანამ მხარეები თანამშრომლობას შეწყვეტდნენ, ესპანურ მედიაში იწერებოდა, რომ გიორგი მაკარიძე პორტუგალიაში დაბრუნებით იყო დაინტერესებული. ქართველი მეკარის დამატება „მარიტიმუს“ სურს, რომლის მთავარ მწვრთნელადაც ცოტა ხნის წინ ჟოზე გომეში დაინიშნა. საგულისხმოა, რომ გომეში წარსულში გიორგი მაკარიძეს „რიუ ავესა“ და „ალმერიაშიც“ წვრთნიდა.

„მარიტიმუ“ 18-გუნდიან ჩემპიონატში 10 ქულით მე-17 ადგილზეა, უმძიმესი სეზონი აქვს, თუმცა გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად 4 ქულა სჭირდება.

გიორგი მაკარიძემ 2020-21 და 2021-22 წლების სეზონები „ალმერიაში“ გაატარა, პირველ სეზონში რეგულარულად ასპარეზობდა, თუმცა გასულ სეზონში სასტარტოში ადგილი დაკარგა და ლა ლიგაში აღზევებულ „ალმერიას“ დაემშვიდობა.

მიმდინარე სეზონში „პონფერადინას“ რიგებში 22-დან მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პირველ მეკარედ მისი ირანელი კონკურენტი ამირ აბედზადეჰი ითვლება. ლა ლიგა 2-ში „პონფერადინა“ 24 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

გიორგი მაკარიძეს პორტუგალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მას „ფეირენსეში“ (2014-16), „მორეირენსეში“ (2016-18), „რიუ ავესა“ (2018) და „სეტუბალში“ (2019-20) უასპარეზია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე
„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე