„მას შეუძლია პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს“ - ესპანური მედია მამარდაზე
DeporteValenciano გიორგი მამარდაშვილის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორის, ტონი ერნანდესის აზრით, გიორგის მიმართ ნდობა უნდა გამოავლინონ მათ, ვინც მის წარმატებებს გარედან უყურებს, მისგან არარეალური არ უნა მოითხოვონ. ტონი ერნანდესის აზრით, გიორგი მამარდაშვილს შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს.
„მამარდაშვილთან მიმართებით მოთმინებით უნდა ვიყოთ. ამას ვამბობდი სეზონის დაწყებიდან, როცა ნათელი იყო, რომ ქართველი გუნდის ნომერ პირველი მეკარე იქნებოდა. მისი ასაკის და გამოცდილების გათვალისწინებით განვითარებისთვის დიდი სივრცე აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ბევრი შეცდომის დაშვება სჭირდება, რომ მსოფლიოში უმაღლეს დონეზე ვიხილოთ. მან შეცდომებზე უნდა ისწავლოს.
ახლა „ვალენსიას“ სხვა არჩევანი არ აქვს, ერთადერთი არჩევანი მამარდაშვილია, რომელიც მშვიდ გარემოშია და ვხედავთ, რაც წინ არის. ის ძალიან ახალგაზრდა ბიჭია ისეთი პოტენციალით, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცოტას აქვს.
ამ სეზონში მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ასევე ბევრი კარგი მომენტი ჰქონდა. როგორც კი შეცდომები შემცირდება და კარგი მომენტის რაოდენობა გაიზრდება, მამარდა გაცილებით უკეთესი მეკარე გახდება.
პატერნაში („ვალენსიას“ საწვრთნელი ბაზა) შესრულებული სამუშაო, განსაკუთრებით კი ოჩოტორენასთან ერთად, იქნება განსხვავების შემქმნელი ფაქტორი, რომელსაც მთელი კარიერის განმავლობაში დააფასებს.
იმ ხალხისთვის, ვინც მის წარმატებას გარედან უყურებს და ამბობენ, რომ ყველაფერი ადვილია, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ, მისგან არ მოითხოვონ ის, რაც რეალური არაა და რაც მოცემულ მომენტში არ შეუძლია. ნდობა გამოავლინონ მის მიმართ, რომელსაც შეუძლია, რომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს. მოთმინება, დიდი მოთმინება“.
22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16-ვე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. კარი მშრალად სამ შეხვედრაში შეინახა („ჟირონასთან“, „სელტასთან“, „ბეტისთან“). გარდა ამისა, მისი წყალობით გუნდი გოლს არაერთხელ გადაურჩა. მამარდაშვილმა ესპანეთის სამეფო თასის მიმდინარე სეზონში 1 შეხვედრა ჩაატარა, გოლი არ გაუშვია. ამრიგად, ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩების გათვალისწინებით, ქართველის ანგარიშზე 4 მშრალი შეხვედრაა. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასაწყისში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.