გიორგი ცინცაძე
Aa
Aa

ცინცაძის სამმაგი დუბლი - მეგა და რუსთავი მემორიალის ფინალში ითამაშებენ

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის მოსაგებად “რუსთავი” და “მეგა” იბრძოლებენ. ამ გუნდებმა ოლიმპიურ სასახლეში გამართული ნახევარფინალური მატჩები მოიგეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მეგა ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში (შარშან ქუთაისთან ), რუსთაველებს კი საკანდელიძე-ქორქიას თასი 5-ჯერ აქვს მოგებული. სატიტულო მატჩი დღეს, 9 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება. 

პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირება არცთუ დაძაბული გამოდგა, თუმცა აღსანიშნავია, რომ “ვერამ” ტრადიციული სცენარით წააგო. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ხანებში ნებისმიერ მეტოქეს ბოლომდე ებრძოლება და თუ აგებს, უშანსოდ თითქმის არასდროს. ანუ ვერელები შანსს ბოლომდე ინარჩუნებენ და თუ აგებენ, ბრძოლაში. ამჯერად ვერამ ბოლო პერიოდამდე თანაბრად ებრძოლა რუსთაველებს და გადამწყვეტ მომენტში ძალა აღარ ეყო.

ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთავმა დასკვნითი პერიოდი მაღალ დონეზე ჩაატარა. ქვემოქართლელებმა ათწუთეული 26:14 მოიგეს და საბოლოოდ 107:89 გაიმარჯვეს. რუსთაველებს 33 ქულითა და 8 პასით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. ტრეი კროფტმა 13 ქულა და 11 პასი მიითვალა, ასევე 13-13 ქულა მიითვალეს ლევან ბაბილოძემ და ეივერი დიგსმა. ვერაში 21-21 ქულით ლუკა ზაქრაძე და მარტის კიმბრო გამოირჩნენ. 

მეორე ნახევარფინალური მატჩი მეტად დაძაბული, ემოციური და საინტერესო გამოდგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ვერ შეინარჩუნა ის ლიდერობა, რაც მეორე პერიოდის შუაწელში მოიპოვა. თსუ 39:30 გალიდერდა, თუმცა მეგამ მოახერხა გათანაბრება (39:39) და დიდ შესვენებას მხოლოდ 3-ქულიანი დეფიციტით შეხვდა. 

ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი წევრის, გიორგი ცინცაძის ლიდერობით თსუ კომფორტულად გრძნობდა თავს, თუმცა მესამე პერიოდში მეგას მოთამაშეებმა მოახერხეს გაქცევის განხორციელება. ეს ძირითადად 2 კალათბურთელის – რონი როზიეს და ოთარ ბულიავას შედეგიანობით მოხერხდა, თუმცა იმაში, რომ მეგამ 31:18 მოიგო მესამე პერიოდი, მთლიანად გუნდის კარგი დაცვითი თამაშის დამსახურებაა.

ბოლო პერიოდში მეგას უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა, თუმცა თსუ-მ ჩამორჩენა მყისვე 3 ქულამდე შეამცირა. დროული წუთშესვენება და მეგას მოთამაშეები მოედანზე სხვა განწყობით დაბრუნდნენ. გადამწყვეტ მომენტში როზიესთან ერთად შედეგიანად ითამაშა ახალგაზრდა გიორგი კობახიძემ, ვისმა სამქულიანებმაც თსუ წელში გატეხა. საბოლოოდ მეგამ 93:85 გაიმარჯვა და მემორიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

გამარჯვებულებს 25 ქულით, 8 პასითა და 6 მოხსნით როზიემ ულიდერა. 19 ქულა 5 სამქულიანის ჩამგდები გიორგი კობახიძის ანგარიშზეა. 18 ქულა მარქუს გილსონმა, ხოლო 11 – ზაკ უილსონმა მოაგროვა. თსუ-ში სამმაგი დუბლი მატჩის საუკეთესო შედეგი გიორგი ცინცაძემ დააფიქსირა – 19 ქულა, 14 პასი, 12 მოხსნა (და 5 ჩაჭრა). 16 ქულა ბექა ბექაურმა, ხოლო 13-13 ნოდარ გოგოძემ და ჯიმონ ჰენსონმა მიითვალეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთში გამოარჩიეს - გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო კალათბურთელია
ესპანეთში გამოარჩიეს - გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო კალათბურთელია