„დავითაშვილი ბორდოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება“
ფრანგმა ჟურნალისტმა ჟულიენ ბიიმ FOREVER la radio-ს ეთერში „ბორდოს“ შესახებ ისაუბრა. ჟულიენი ზურიკო დავითაშვილის თამაშსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქართველი მოთამაშე „ბორდოსთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება.
„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა არჩევანი ზურიკო დავითაშვილსა და ჟაკ-ივ ეკომიზე გააკეთა. ვფიქრობ, რომ დავითაშვილზე არჩევანის გაკეთება ნათელია. არ დავმალავ, რომ „ბორდოს“ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები „კაენთან“ და „ამიენთან“ აქვს. დავითაშვილი კვლავ აჩვენებს, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. დევიდ გიონი მხოლოდ „რენისთან“ მატჩსა და სათასო შეხვედრაში გამარჯვებაზე არ ფიქრობდა, არამედ ლიგა 2-ის შემდეგ ორ შეხვედრაზეც. გიონმა დავითაშვილი სწორედ ამიტომ შეცვალა, რომ „კაენთან“ შეხვედრისთვის ძალები მაქსიმალურად აღიდგინოს“.
შეგახსენებთ, საფრანგეთის თასის შეხვედრაში „ბორდო“ ლიგა 1-ის „რენისთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტოში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, 75-ე წუთზე შეცვალეს.
ლიგა 2-ის მე-18 ტურში „კაენისა“ და „ბორდოს“ შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება, შეხვედრა 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
დავითაშვილმა, რომელიც ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაა და „ბორდოში“ იჯარით თამაშობს, ლიგა 2-ის 9 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საფრანგეთის თასის ორ მატჩში 1 გოლით დაეხმარა გუნდს.