„თითქოს, საკუთარი თავის აჩრდილია“ - იტალიური მედიის შეფასება
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 1 საათი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ქართველი ფეხბურთელი საფირმო დრიბლინგების შესრულებას ცდილობდა, საჭირო პასებს არიგებდა და გოლის გატანის რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდიც ჰქონდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. საბოლოოდ, ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 62-ე წუთზე, ირვინ ლოზანოთი შეცვალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ხვიჩას თამაში შეაფასა.
Corriere Della Sera – 5.5 ქულა: „ის აქტიური იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დაარტყა.
Eurosport.it – 5 ქულა: „ჯერ კრიზისი არ არის, მაგრამ საგანგაშო ნიშნები შეინიშნება. „ინტერთან“ საშინელი მატჩის შემდეგ სამწუხაროდ, ქართველმა ჩვეულ დონეზე თავი კიდევ ვერ წარმოაჩინა. ის იყო მოუსვენარი, ზედმეტად ჩაფიქრებული და არც თუ ისე კონცენტრირებული. გაუგებარია, რა პრობლემის წინაშე შეიძლება იყოს“.
Napolike – 5 ქულა: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯერ კრიზისზე ვისაუბროთ, მაგრამ ის თითქოს თავისი თავის აჩრდილია. იმედია, ეს დროებითი პრობლემაა“.
Persemprenapoli – 6 ქულა: „როდესაც ფლანგზე ბურთს იღებს, ყოველთვის ცდილობს წინსვლას. აქვს შეგრძნება, რომ ყოველთვის შეიძლება რაღაც მოხდეს. თუმცა, ის ტექნიკური შესაძლებლობები, სისწრაფე და ფეთქებადობა, რომელსაც ახლა აჩვენებს, სეზონის პირველ ნაწილთან შედარებით არაფერია. მისი სათამაშო ფორმის აღდგენა ნეაპოლიტანელებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“.
Tuttonapoli – 6 ქულა: „მაღალი დონის თამაში არ ჰქონია, თუმცა რთულია ნეგატიური შეფასების დაწერა. ბევრ სიტუაციაში მას არ ჰქონდა ის გამჭრიახობა, რომლითაც თავი დაგვამახსოვრა, თუნდაც კარისკენ დარტყმის არჩევანში, თანაგუნდელებთან ბოლო პასში და მეტოქის მოტყუებაზე თამაშში. გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
90min.com – 5.5 ქულა: ის კვლავ ეძებს გზებს, რომ პაუზის შემდეგ საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს არის იმ ფეხბურთელისგან, რომელიც სეზონის პირველ ნაწილში იყო.
Tuttomercatoweb – 5 ქულა: „სან სიროზე წარუმატებელი მატჩის შემდეგ, 2023 წელი კვლავ ცუდი დღით გრძელდება. შორს არის იმ სტანდარტებისგან, რომელსაც შეგვაჩვია. დრიბლინგსაც კი ვერ აკეთებდა. საინტერესოა, რამდენად მძიმეა ტრავმისგან გამოწვეული შედეგები?
17 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულა დაუგროვდა და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრაში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 იანვარს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.