ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარამ 1 საათი ითამაშა - ნაპოლიმ სტუმრად სამპდორიას მოუგო

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 1 საათი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ქართველი ფეხბურთელი საფირმო დრიბლინგების შესრულებას ცდილობდა, საჭირო პასებს არიგებდა და გოლის გატანის რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდიც ჰქონდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. საბოლოოდ, ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 62-ე წუთზე, ირვინ ლოზანოთი შეცვალა.

რაც შეეხება გოლებს, „ნაპოლის“ დაწინაურება მე-6 წუთზე შეეძლო. ზამბო ანგისაზე უხეშობის გამო მთავარმა მსაჯმა მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა დარტყმა მატეო პოლიტანომ გააფუჭა. ანგარიში ზუსტად 13 წუთში ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, რომელმაც მარიო რუის გადაცემა გამოიყენა და უმაღლესი ხარისხის საშემსრულებლო ოსტატობა გამოავლინა.

პირველი ტაიმის მიწურულს დეიან სტანკოვიჩის გუნდი 10 კაცით დარჩა. არბიტრმა ოსიმენთან უხეშობის გამო მოედნიდან რინკონი გააძევა და ნეაპოლიტანელებს კაცნაკლული „სამპდორიას“ დამარცხება აღარ გასჭირვებიათ.

მასპინძელთა კარში მეორე გოლი ელიფ ელმასმა 82-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

17 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულა დაუგროვდა და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრაში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 იანვარს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტეს მოთხოვნა - ტოტენჰემი ხვიჩას გადაბირებისთვის იბრძოლებს
კონტეს მოთხოვნა - ტოტენჰემი ხვიჩას გადაბირებისთვის იბრძოლებს