პელე
Aa Aa

“რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? დაბადება..“ - მე პელე ვარ

„ძვირფასო ედსონ.. (ან დიკო, როგორც ოჯახის წევრები მოფერებით გეძახიან)

მომისმინე ძალიან ყურადღებით..

როდესაც შენი ოჯახი ტრეს კორასოესიდან წავა არ დაგავიწყდეს დედაშენის წინდები. პატარა ხარ, სულ რაღაც 5 წლის, მაგრამ წინდები არ უნდა დაგავიწყდეს. თუ დაგავიწყდება, შესაძლოა შენი ცხოვრება ძალიან განსხვავებული იყოს.

მამაშენის გამო შენ და შენი ოჯახი ძალიან პატარა ქალაქში გადახვალთ, რომელსაც ბაურუ ჰქვია. იცი რატომ? მამა ადგილობრივ კლუბ „ბაურუ ატლეტიკოში“ აგრძელებს კარიერას.

სახლი იმდენად პატარა იქნება, რომ შენ და შენი ძმა ერთ საწოლში დაიძინებთ. თავს ყოველთვის კომფორტულად ვერ იგრძნობ, მაგრამ ამის გამო ძალიან ახლო მეგობრები გახდებით.

სახლის წინ ბალახი არ იქნება. შენ იქ მხოლოდ ჭუჭყსა და ტალახს ნახავ. იცი? ეს შენი პირველი საფეხბურთო მოედანია. რა თქმა უნდა, წინ უფრო უკეთესები გელოდება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგიყვები. ახლა კი შენს პირველ სტადიონს დავუბრუნდეთ. მეგობრებთან ერთად, ბამბუკისგან ჯოხებს გამოჭრი და საფეხბურთო კარს გააკეთებ.

იმის ფული არ გაქვს, რომ ბურთი იყიდო. სწორედ ამიტომ არ უნდა დაივიწყო წინდები. იცი რას გააკეთებ? წინდებში ბევრ ქაღალდს ჩატენი და ბურთს ასე გააკეთებ. წინდებისგან გაკეთებული ბურთი ყოველთვის მრგვალი არ იქნება, მაგრამ ეს კარგია. ამის პარალელურად, გუბეების გარშემო სწრაფად სირბილს ისწავლი. ყველაზე დიდი საფრთხე წყალია, მაგრამ გუბეები შენი პირველი მცველები იქნებიან.

შეიძლება ამ წერილის გვერდზე გადადება მოგიწიოს, რადგან დედას წლების განმავლობაში უამრავ წინდას პარავდი და ამისთვის ბოდიში უნდა მოუხადო..

დედაშენი ძალიან მკაცრი ქალია. როდესაც ამ წერილს ვწერ ის 99 წლის არის და ჯერ კიდევ გიღიმის.. როდესაც მის მოსანახულებლად მიხვალ ხოლმე არასდროს ილაპარაკო იმაზე, რაზეც შენ გსურს. ის ყოველთვის გეტყვის:

„ჩემს სახლში ვართ და ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც მე მინდა..“

სახლში ის ყოველთვის მთავარი ფიგურაა. დედა მამას ფინანსებს გამუდმებით აკონტროლებს, რათა შენ, შენს ძმას და დას წიგნები და ფეხსაცმელი არ მოგაკლდეთ. დედა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან გაკვეთილს გასწავლით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრება ეხება შენს მეზობელზე რომლის ეზოშიც მანგოს ხე დგას.

ერთ მშვენიერ დღეს სახლში მანგოს სწორედ იმ ხიდან მიიტან..

დედა გკითხავს: „დიკო, საიდან მოიტანე ეს მანგო?“

შენ უპასუხებ: „მოპირდაპირე ქუჩიდან, დონა მარიას ეზოდან“

დედა: „მაგრამ შენ მას სთხოვე?“

მე: „რა თქმა უნდა“

ეს ტყუილია!

დედა: „კარგი, წამოდი დონა მარიას ვკითხოთ სიმართლეს ამბობ, თუ არა.“

ხანდახან ცუდი ბიჭი ხარ. როცა გაიზრდები და ამას გაიხსენებ ძალიან შეგრცხვება. მაგრამ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც დედა გასწავლის. ეს მანგოს არ ეხება, ეს ადამიანურ პატივისცემაზეა..

ახლა მამაზე საუბრის დროა.. ხშირად დაჯდება და გიყურებს როგორ თამაშობ ფეხბურთს ქუჩაში. შენ გაიტან ერთ, ორ, სამ და ოთხ გოლს, მაგრამ ის ბედნიერი არასდროს იქნება და ყოველთვის მიგითითებს იმაზე, თუ როგორ უნდა იყო უკეთესი..

რა? შენ არ გესმის..

მამა გეუბნება: „არა, არა შენ უნდა გესმოდეს, რომ მოედანზე გოლის გატანის გარდა სხვა ბევრი რამ უნდა ისწავლო.“

ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა.. ყოველთვის უნდა გახსოვდეს.. მოგვიანებით შენი ცხოვრება შეიცვლება, მაგრამ მამა ზუსტად ასეთ რჩევებს მოგცემს, როდესაც უკვე „სანტოსის“ ფეხბურთელი იქნები.

კი ედსონ ეს სიმართლეა! შენ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდები. დამშვიდდი, ამაზე მოგვიანებით მოგიყვები..

მატჩის შემდეგ მამაშენი იტყვის: „ორი-სამი ცუდი პასი გააკეთე. რატომ?”

„მაგრამ მამა, ჩვენ 4:1 მოვიგეთ."

ის გეტყვის: „გასაგებია, მაგრამ შენ უკეთესი უნდა იყო!“

ხედავ, რომ მამაშენი ჭკვიანი კაცია. მან ერთ მატჩში თავით 5 გოლი გაიტანა და ეს ბრაზილიის რეკორდია. როდესაც შენ „მარაკანაზე“ კარიერაში მეათასე გოლს პენალტის ნიშნულიდან გაიტან, სამყარო რამდენიმე წამით გაჩერდება. ეს ღმერთის საჩუქარი იქნება.

რამდენიმე წამით სტადიონზე ერთი სიხარულის გარშემო ყველა გაერთიანდება. არ ექნება მნიშვნელობა ვინ ვის გულშემატკივრობს. შენ მიიღებ ჯილდოს! უამრავი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი დაგესევა. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერება, მაგრამ მამა იცი რას გეტყვის?

„მე ერთ თამაშში 5-ჯერ თავით გავიტანე და შენ რა გააკეთე?“

ორივეს გაგეცინებათ. მამაშენი, ის განსაკუთრებული ადამიანია და ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ფეხბურთის თამაში აირჩიე. მისი კარიერის დასრულების შემდეგაც კი, შენ მას ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელად ჩათვლი. ძალიან გენდომება, რომ მამას მსგავსი მოთამაშე იყო.

ერთ მატჩში თავით 5 გოლს ვერასდროს გაიტან, მაგრამ კარიერაში 1283 გოლი დაგიგროვდება და მსოფლიოში პელეს სახელით იქნები ცნობილი.

პელე? ვინ არის პელე? შენი სახელია ედსონი, რომელიც მშობლებმა ამერიკელი გამომგონებლის ტომას ედისონის პატივსაცემად დაგარქვეს..

ვიცი, რომ ძალიან იამაყებ შენი სახელით - ედსონ არანტეს დო ნასიმენტო!

ოღონდ დააფასე, რადგან დიდხანს აღარ გექნება..

„ბაურუს“ მეკარეს ბილი ქვია. ერთ დღეს სკოლაში მეგობრებს შეცდომით ჰკითხავ: „გაიგე პელეს მოგერიებული ბურთის შესახებ?“

მეგობრები დაგცინებენ და გეტყვიან: „მისი სახელია ბილი და არა პელე!“

ამის შემდეგ ყველა პელეს დაგიძახებს და ეს ძალიან გაგაღიზიანებს. ერთხელ კი იმდენად გამოხვალ წყობიდან, რომ ბავშვებთან იჩხუბებ. ამის გამო სკოლაში 2 დღით მისვლას აგიკრძალავენ. იცი? ამის შესახებ დედა გაიგებს.. ძალიან მეცოდები..

ამ დღის შემდეგ, ყველასთვის პელე გახდი.. მაგრამ არასდროს დაივიწყო ბიჭი სახელად ედსონი. ყოველთვის გახსოვდეს ის ბიჭი შენს გულსა და გონებაში..

13 წლის, რომ გახდები ფეხბურთის თამაშს უფრო სერიოზულად დაიწყებ. ეს შენთვის წარმოუდგენელი რამის დასაწყისია. ბაურუში, მამას ყოფილ კლუბში, ახალგაზრდულ გუნდთან ერთად დაიწყებ ვარჯიშს. იქ სამსახურიც გექნება. უფროსი ფეხბურთელების ბუცების გასუფთავება მოგიწევს, რაშიც ფულს გადაგიხდიან. ბევრი არ იქნება, მაგრამ ბურთის საყიდლად საკმარისია. წინდების დრო დასრულდა..

როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელს ყველაფერი კარგად გამოგივა. შენს ცხოვრებაში გაჩნდება ადამიანი სახელად ვალდემარ დე ბრიტო!! ის არის სკაუტი, რომელიც შენს ტალანტს შეამჩნევს და „სანტოსში“ წაგიყვანს..

ის გეტყვის:

„პელე, მე მჯერა, რომ შეგიძლია იყო ძალიან, ძალიან კარგი პროფესიონალი. მაგრამ არასოდეს იფიქრო, რომ საუკეთესო ხარ. არასოდეს იფიქრო, რომ ღმერთი ხარ. თუ ფულს გამოიმუშავებ, მისი ნაწილი მომავლისთვის დაზოგე. ნუ დაიწყებთ სიგარების და ტკბილეულის ყიდვას. შენ მუდამ უნდა დარჩე ბიჭი ბაურუდან“.

ეს სიტყვები ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რადგან 15 წლის ასაკში შენ პროფესიონალი ფეხბურთელი იქნები და „სანტოსში“ ითამაშებ. შეხვალ გასახდელში და ზრდასრულ მამაკაცებს დაინახავ. შეგეშინდება და შენს თავს კითხვას დაუსვამ, თუ რას აკეთებ იქ.. შემდეგ მაისურს შეხედავ - შენი ნომერი 10 იქნება..

ეს დღე შენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება..

კლუბის დირექტორი გეტყვის: „მოდი აქ, პელე. ჩაიცვი „სანტოსის“ მაისური ფოტოს გადასაღებად“.

შენს წინ უამრავი ნათურა აციმციმდება.. ისეთი გამხდარი ხარ, რომ „სანტოსის“ მაისურში სასაცილო ჩანხარ. დირექტორმა გითხრა, რომ შენი სურათი ხვალ გაზეთში იქნება..

მამას ეტყვი: „მათ სურათი გადამიღეს „სანტოსის“ 10-ნომრიანი მაისურით. ვფიქრობ, მათ მოვწონვარ.“

დიახ, შენ ისევ პატარა ბიჭი ხარ ბაურუდან..

მინდა კიდევ ერთი სახალისო ისტორია მოგიყვე..

„სანტოსი“ შენი სახლიდან ძალიან შორს არის. ჯერ მატარებლით 5 საათი უნდა იმგზავრო, ხოლო შემდეგ ავტობუსით 2.  ედსონ, გზაში არ დაიძინო! წიგნები წაიღე და წაიკითხე..

ერთ დღეს სანტოსში ავტობუსის გაჩერებაზე გაჩერდები, რადგან მამაშენს უნდა შეხვდე. ძალიან ცხელოდა და გწყუროდა. ამის გამო ზღვის სანაპიროზე გახვალ, ზღვაში ჩაყოფ ხელებს და წყალს დალევ.

ჯანდაბა..

მარილის გემო აქვს..

გადააფურთხებ..

ვერ მიხვდები რისი ბრალია.. ნუთუ ეს შხამიანი წყალია?

ერთ დღეს ამაზე გაგეცინება.. გპირდები.. არასდროს ყოფილხარ ზღვის სანაპიროზე, რადგან ბაურუში მსგავსი არაფერი არსებობს.. სანტოსში კი ლამაზი ლურჯი ოკეანეა, რომელსაც პირველად ნახავ..

ედსონ, ოკეანე არ დალიო!!

„სანტოსის“ საფეხბურთო მოედანი შენთვის კომფორტული იქნება და იქ თითქმის ორ ათწლეულს გაატარებ. კარიერის განმავლობაში მიიღებ სხვადასხვა შემოთავაზებებს „მილანიდან“ და „რეალიდან“, მაგრამ არ დათანხმდე!! შეიძლება ახლა ეს წარმოუდგენლად გეჩვენება, მაგრამ დამიჯერე არცერთ წინადადებას არ მოუსმინო..

ცხოვრებაში ბევრი შესაძლებლობა გექნება საზღვარგარეთ წასასვლელად!! გპირდები..

რა მიზეზით უნდა დატოვო „სანტოსი?“ ახალგაზრდა გუნდელებთან ერთად „სანტოსს“ დიდებულ კლუბად აქცევ. არა მხოლოდ ბრაზილიაში და სამხრეთ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში! 1962 წელს კონტინენტალურ ტრიპლეტს მოიგებ. შენ მთელს მსოფლიოში იმოგზაურებ და ამხანაგურ მატჩებში მიიღებ მონაწილეობას.

შენს გამო კონგოში დროებით სამოქალაქო ომი შეწყდება. ორივე მხარე შეთანხმდება, რომ შენს თამაშს მშვიდად უნდა უყურონ!!

„სანტოსთან“ ერთად საოცარი მოგზაურობა გექნება და ამავდროულად ოჯახთან ახლოს იქნები. კიდევ ერთხელ გისვამ კითხვას, რატომ უნდა დატოვო „სანტოსი“?

შენ ასევე ბრაზილიის ნაკრებში დაიწყებ თამაშს და ეს დიდი პატივი იქნება, თანაც 17 წლის ასაკში!! 1958 წელს, თვითმფრინავით პირველად იმოგზაურებ და შვედეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაფრინდები. შვედეთში ბევრი რამ განსხვავებულია. იმ დროს, ელემენტით მომუშავე რადიო უდიდესი სიახლე იქნება, რომელიც ჯერ ბრაზილიაში არავის უნახავს.

ერთ დღეს, მთელი გუნდი ქალაქის მაღაზიაში წახვალთ. შენი თანაგუნდელი გარინჩა რადიოდან უცნაურ ხმას გაიგებს. რადიოს კაცი შვედურად ლაპარაკობს..

გარინჩა იტყვის: „პელე, რატომ ვუსმენთ ამ სისულელეს?“

შენ უპასუხებ: „ეს წარმოუდგენელია, მისი ყიდვა მინდა“

გარინჩა: „არა, არა არ იყიდო! შენ არ გესმის რას ამბობს ის კაცი რადიოში“

გარინჩამ არც კი იცოდა, რომ, როდესაც რადიოს სამშობლოში წაიღებდი სიგნალი პორტუგალიური იქნებოდა..

როდესაც გარინჩა ამას გაიაზრებს ბევრს დაცინებ..

„სელესაოსთან“ ერთად კიდევ ბევრჯერ იმოგზაურებ და უამრავი სიურპრიზი გელოდება, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი სევდიანი იქნება..

შენ გგონია, რომ ბრაზილიის შესახებ ყველგან იციან, მაგრამ ასე არ არის. ბევრმა არც ბრაზილია იცი სად არის და არც ის იციან შენ ვინ ხარ.

„ოჰ ბრაზილია? ეს ხომ არგენტინაშია?“ - შენ გაიღიმებ, მაგრამ შინაგანად სევდიანი იქნები, რომ ხალხმა არ იცის შენი ქვეყანა და შენი სახელი..

მაგრამ არ ინერვიულო.. 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველას ეცოდინება..

ეს იმიტომ მოხდა, რომ თასი აღმართე..

ეს სიმართლეა..

ეს იქნება შენი პირველი მსოფლიოს ჩემპიონობა სამიდან..

1958 წლის მუნდიალის ფინალის დასრულების შემდეგ, მიწაზე დაეცემი. იმდენი ემოცია გექნება, რომ ორგანიზმი ვერ გაუძლებს..

როდესაც თანაგუნდელები წამოგაყენებენ ტირილს დაიწყებ.. შენ ყოველთვის ტირი ედსონ, რადგან ემოციური ადამიანი ხარ..

მუნდიალის მოგება მხოლოდ შენი ოცნება არ იყო.. ეს შენი ქვეყნის ოცნებაც იყო.. ამას 17 წლის ასაკში შეძლებ და შენ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდები.. მადლობა ღმერთს ამისთვის, რადგან ყოველთვის ახალგაზრდა არ იქნები..

1970 წელს ისევ იტირებ, რადგან ეს შენი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. ეს სხვადასხვა ცრემლებია.. ემოციურად უფრო გაგიჭირდება.. ღმერთს დახმარება უნდა სთხოვო.. ბოლო შანსი გექნება და შენი ქვეყნის გამო არ უნდა წააგო!

რა მოხდება? არ გეტყვი.. ზოგიერთი რამის ახსნა შეუძლებელია, თუნდაც მომავლისგან..

როდესაც შენი კარიერა „სანტოსში“ და ბრაზილიის ნაკრებში დასრულდება, შესანიშნავი შანსი მოგეცემა, რომ ამერიკაში ითამაშო. შენით ნიუ-იორკის კლუბი „კოსმოსი“ დაინტერესდება. ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგა, რადგან იქ გადასვლით ამერიკული ფეხბურთი განვითარდება.

სანამ შენ დაგტოვებ, ერთი წუთით სილამაზეზე მინდა ვისაუბრო.. კარიერაში ბევრ ლამაზ რამეს ნახავ. გოლის გატანის შემდეგ გულშემატკივრებისკენ გაიქცევი, რომლებიც სიხარულისგან წამოსული ცრემლიანი თვალებით შემოგხედავენ..

ეს მომენტი ნათლად დაგანახებს, თუ რამდენს ნიშნავ ხალხისთვის!!

მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც სამუდამოდ გემახსოვრება. 1968 წელს კოლუმბიაში ერთ მატჩს ითამაშებ. თამაშის დროს, შენი გუნდელი კოუტინიო და კოლუმბიელი ფეხბურთელი ჩხუბს დაიწყებენ. ყველა გაშველებას დაიწყებს. როდესაც სიტუაცია დაწყნარდება მსაჯი შენ წითელ ბარათს გიჩვენებს.

შენ მას ეტყვი: „არა, გეშლებათ მე არ ვჩხუბობდი. პირიქით ვაშველებდი.“

მიუხედავად ამისა, მსაჯი მოედნიდან გასვლას გაიძულებს. ის ფიქრობს, ეს იმიტომ გააკეთე, რომ კოუტინიოს რაღაცით გავხარ.

მოედანს გაბრაზებული დატოვებ და გასახდელში გახვალ, სადაც ბრბოს ხმაურს გაიგებ. ისინი რაღაცას აპროტესტებენ..

მწვრთნელი გასახდელში შემოვარდება და გეტყვის: „პელე დაბრუნდი! შენ აუცილებლად უნდა დაბრუნდე“

შენ უპასუხებ: „როგორ? მე ხომ წითელი ბარათი მივიღე“

მწვრთნელი: „არა შენ არ გესმის! არ გაიხადო ბუცები. ხალხმა ხმაური დაიწყო, მათ გააპროტესტეს“

ეს არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა შენს ცხოვრებაში, როცა მსგავს რამეს ნახავ. კოლუმბიელმა გულშემატკივრებმა შეცდომა დაინახეს. ისინი მთელი ხმით შენს დაბრუნებას ითხოვდნენ..

მსაჯი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და გაგაძევა სხვა მსაჯით ჩაანაცვლეს. ასეთი რაღაცები არ ხდება. არც მსაჯებს ცვლიან და არც გაძევებულ ფეხბურთელს აბრუნებენ, მაგრამ ხედავ რა მოხდა? გულშემატკივრებს ისე მოსწონდათ შენი ლამაზი თამაშის ყურება, რომ არ აინტერესებდათ მეტოქე, რომ იყავი.

შენ ბრუნდები მოედანზე და ხალხის ხმაური ყურში ჩაგესმის..

ეს მომენტი გაჩვენებს, თუ რამდენს ნიშნავ ხალხისთვის..

ხედავ? ღმერთმა ბრწყინვალე ცხოვრება მოგცა..

ყოველთვის ილოცე.. გაუფრთხილდი შენს ოჯახს.. ერთმანეთზე უნდა იზრუნოთ..

მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რისთვისაც მინდა ყოველ ღამე ილოცო. ამის ახსნა უფრო რთულია.. ბრაზილია ძალიან ლამაზია და კარგი ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ გვაქვს საოცარი საკვები, კულტურა, მუსიკა.. მაგრამ ამის პარალელურად ბევრი პრობლემაც არსებობს.. არის დანაშაული და სიღარიბე.. და დღესაც, როცა ამ წერილს გწერ ახალგაზრდა ედსონ, ჩვენი ქვეყანა კვლავ იტანჯება..

ღმერთს უნდა სთხოვო: „გთხოვ გააუმჯობესე ყველაფერი ბრაზილიაში. აქ ჯერ კიდევ არიან ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს ქუჩაში თამაშობენ. ჯერ კიდევ არიან ბავშვები, რომლებსაც ბურთის საყიდელი ფული არ აქვთ. არიან ბავშვები, რომლებიც მანგოს იპარავენ..“

ეს ძალიან სამწუხაროა.. ფეხბურთს არ შეუძლია ყველას მისცეს ის, რაც შენ მოგცა!!

რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? შენი დაბადება!! იმიტომ, რომ საოცარი ოჯახი გყავს, რომელმაც ყველაფერი მოგცა. როცა მოგზაურობდი შენთვის ყველა კარი ღია იყო. მსოფლიოში ხალხმა უამრავი სიყვარული მოგცა და ამის დასაბრუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთო!!

ყოველთვის დარჩი ბრაზილიელ ბიჭად.. ყოველთვის იყავი ედსონი.. და გახსოვდეს სამი სიტყვა - პატიოსნება, მოთმინება, პატივისცემა..“ - მე პელე ვარ

გაზიარება: