წლის დიასპორელი სპორტსმენი - გიორგი მამარდაშვილის აღიარება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“ ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა. წლის წარმატებული დიასპორელი სპორტსმენის ნომინაციაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გაიმარჯვა.
გიორგი მამარდაშვილი: „უპირველესად ყველა ქართველ სპორტსმენს მინდა მივულოცო ის წარმატება, რომელიც 2022 წელს ჰქონდათ. სპორტს ნამდვილად აქვს ის ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დადებითი კუთხით წარმოაჩენს მთელს მსოფლიოში. მინდა, საქართველოს საგარეო საქმეთა და სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს დიდი მადლობა გადავუხადო ამ აღიარებისთვის. უცხოეთში არაერთი გამორჩეული სპორტსმენი მოღვაწეობს, საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოს მიღება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. დიდი იმედი მაქვს, რომ 2023 წელი ქართული სპორტისთვის უფრო მეტად წარმატებული იქნება“.
22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16-ვე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. კარი მშრალად სამ შეხვედრაში შეინახა („ჟირონასთან“, „სელტასთან“, „ბეტისთან“). გარდა ამისა, მისი წყალობით გუნდი გოლს არაერთხელ გადაურჩა. მამარდაშვილმა ესპანეთის სამეფო თასის მიმდინარე სეზონში 1 შეხვედრა ჩაატარა, გოლი არ გაუშვია. ამრიგად, ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩების გათვალისწინებით, ქართველის ანგარიშზე 4 მშრალი შეხვედრაა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასაწყისში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.