სიტყვიერი შეთანხმება შედგა - რონალდუს მარტინესი გაწვრთნის
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი გახდება, რომელმაც კატარი 2022-ის დასრულების შემდეგ ბელგიის ნაკრები დატოვა.
The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტმა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. შესაძლოა, მხარეებმა კონტრაქტს ხელი შემდეგ კვირაში მოაწერონ.
რობერტო მარტინესი 2016-22 წლებში ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მას ბელგიის ოქროს თაობასთან მოუწია მუშაობა, 2018 წლის მუნდიალზე ბელგია მესამე ადგილზე გავიდა. კატარის მუნდიალზე ბელგიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, პორტუგალიის ნაკრების მსგავსად მაროკოსთან დამარცხდა.
მარტინესს ასევე უმუშავია „სუონსისა“ (2007-09) და „უიგანის“ (2009-13) მთავარ მწვრთნელად.
შეგახსენებთ, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებს დაემშვიდობა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2016 მოიგო, თუმცა მუნდიალებზე წარმატებისთვის არ მიუღწევია. კატარი 2022-ზე, 1/4-ფინალში მაროკომ ენ-ნესირის გოლით პორტუგალია ტურნირიდან გამოთიშა, რის შემდეგაც სანტუშისა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის გზები გაიყო.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ალ-ნასრიში“ გადაბარგებული 37 წლის კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებს არ ტოვებს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს.