ქართული დერბი ესპანეთში - მაკფადენმა და ანდრონიკაშვილმა შერმადინს აჯობეს
გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეოთხედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „მურსიას“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და სტუმრად გამართულ შეხვედრაში განადგურდა - 64:85.
შერმადინმა პარკეტზე თითქმის 23 წუთი გაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიომ 16 ქულა, 8 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. „შერმინატორმა“ 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 8-დან 8 საჯარიმო გამოიყენა.
„ლენოვო ტენერიფეს“ რიგებში, შერმადინზე მეტი ქულა მხოლოდ მარსელინიო უერტასმა ჩააგდო - 19 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა. „მურსიას“ რაც შეეხება, თად მაკფადენს 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტი ჰქონდა, რატი ანდრონიკაშვილს კი სათამაშო დრო არ მიეცა.
შეგახსენებთ, რომ „ტენერიფეს“ 10 მოგება და 4 წაგება აქვს და ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებს. „მურსიას“ ბალანსზე 7 გამარჯვება და 7 მარცხია და ეს მე-11 ადგილისთვისაა საკმარისი.