პირველი 2 მეტოქე ცნობილია - ტოჩინოშინი მეასე ბაშოს იწყებს!
2023 წლის 8 იანვარს, „კოკუგიკანის“ სასახლეში „ჰაცუ ბაშო“ დაიწყება, რომელიც ქართველი სუმოტორისთვის, ლევან გორგაძისთვის საიუბილეო იქნება. ტოჩინოშინი მონაწილეობას მეასე სუპერტურნირზე მიიღებს და ცნობილია, „ტოჩის“ პირველი ორი მეტოქე ვინ იქნება.
გორგაძე ბაშოს მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომას წინააღმდეგ გახსნის. ლევანი მის წინააღმდეგ დოჰიოზე 8-ჯერაა გასული და სასურველი შედეგი მხოლოდ 3-ჯერ დააფიქსირა, 2022 წელს გამართული 3 შეხვედრიდან კი მხოლოდ 1-ში იმარჯვა.
„ჰაცუ ბაშოს“ მეორე დღეს, ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ჰირადოუმის შეერკინება. ეს უკანასკნელი 22 წლის სუმოტორია და ლევანს მასთან მხოლოდ 1 დაპირისპირება გაუმართავს. ქართველი მას გასული წლის სექტემბრის ბაშოზე შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ლევანმა გასული ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და 6 მოგება და 9 წაგება ჰქონდა, რის გამოც, დასავლეთის მე-11 მაეგაშირა იქნება. გეტყვით იმასაც, რომ „ჰაცუ ბაშო“ 22 იანვარს დასრულდება.