გოგა ბითაძე
Aa
Aa

ინდიანა მზადაა ბითაძის ერთ-ერთი კონკურენტი გაცვალოს

„ინდიანა პეისერსი“ გოგა ბითაძის ერთ-ერთი კონკურენტის, მაილს ტერნერის გაცვლას აპირებს. ეს უკანასკნელი გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს და ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ „პეისერსი“ ყველა ვარიანტს განიხილავს.

26 წლის ცენტრს კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მისი სასურველი ხელფასი, სეზონში 20 მილიონი აშშ დოლარია. ამერიკელი ჟურნალისტის, მეტ მურის ინფორმაციით, ტერნერის გადაბირების მთავარი კანდიდატები „ტორონტო რეპტორსი“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ არიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, მაილს ტერნერმა მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 16.7 ქულას, 7.9 მოხსნასა და 1.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს. 26 წლის კალათბურთელს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს და მისი წასვლის შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდოს.

მიმდინარე რეგულარულში გოგა პარკეტზე საშუალოდ 9:52 წუთს ატარებს, მისი სტატისტიკა კი ასეთია - 3.6 ქულა, 2.3 მოხსნა, 1 ასისტი, 0.6 დაფარება და 0.4 ჩაჭრა. მის გუნდს რაც შეეხება, „ინდიანას" 21 მოგება და 18 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები