„ვურჩევთ, მარადონას ვიდეოებს ხშირად უყუროს“ - Il Mattino კვარაცხელიაზე წერს
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, IL Mattino „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატიას უძღვნის და „ინტერთან“ გამართულ მატჩში განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრება.
„მარადონას ოქროს წლების ამსახველ ვიდეოში მხოლოდ დიეგოს გოლებს, მის ჯადოსნურ თამაშს, ტიტულების მოგების შემდეგ გამართულ ზეიმსა და ლურჯი მაისურით ნაჩვენებ სილამაზეს როდი იხილავთ. ასევე, შეხვდებით მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მიერ აღებულ უხეშ ჯარიმებს, რომელთა შემდეგაც, მარადონა მოწინააღმდეგეებს ან მსაჯებს არ უბრაზდება. დიეგო ეცემა, ნატკენ ადგილზე ხელს იკიდებს, მის სახეზე ტკივილის ამოკითხვა არის შესაძლებელი, მაგრამ მაინც ფეხზე დგება, რაც მისი თანაგუნდელებისთვის სიგნალს წარმოადგენს. ხვიჩა კვარაცხელიას ვურჩევ, ამ ვიდეოებს ხშირად უყუროს, რათა ბოლომდე გაითავისოს, რას ნიშნავს მეტსახელი „კვარადონა“.
სამწუხაროდ, კვარაცხელია კიდევ უამრავჯერ მიიღებს ისეთ მოპყრობას, როგორიც მის მიმართ ინტერმა გამოიჩინა და მსაჯები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა იგი დაიცვან. მეორე მხრივ, ხვიჩა გამონაკლისი არაა. მასზე 17-ჯერ დაჯარიმდნენ და იგი სერია A-ში 53-ე ადგილს იკავებს. ქართველზე წინ არიან ლობოტკა და ანგისა და აშკარაა, რომ უარესი შემთხვევებიც არსებობს. მიუხედავად ამისა, ლუჩანო სპალეტის იმედი აქვს, რომ კვარას საუკეთესო ვერსიას მალე იხილავს და ყოველთვის არ იქნება, მთავარი მწვრთნელი, რომელიც ხვიჩას გალიაში მოსაქცევად 3 ფეხბურთელს გამოიყენებს. ნაპოლის მისი დარტყმები, ასისტები და გოლები ძალიან სჭირდება“, - წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მისი გუნდის მომდევნო მეტოქე „სამპდორიაა“ და ეს დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.