„სიმეონე გვეუბნებოდა, რომ უბრალოდ გველოცა“ - როგორ შევაჩეროთ მესი
„ნიუკასლის“ ფეხბურთელმა, კირან ტრიპიერმა ლიონელ მესიზე ისაუბრა. ინგლისელმა უკანახაზელმა „ატლეტიკოში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და გაასაჯაროვა რჩევა, რომელიც „როხიბლანკოს“ თავკაცისგან, დიეგო სიმეონესგან მესის შეჩერებასთან დაკავშირებით მიიღო.
„გულახდილი რომ ვიყო, შემიძლია, ვთქვა, რომ მესის შეჩერება შეუძლებელია. დიეგო სიმეონე და ლეო არგენტინელები არიან და მატჩების დაწყებამდე თუ დიეგო რამეს გვეუბნებოდა, იყო ის, რომ უბრალოდ გველოცა. მესის წინააღმდეგ ვერაფერს გააკეთებ. შეუძლებელია, თამაში ისე წარმართო, რომ მისი შეჩერება შეძლო. ლეო ამდენად უნიკალურია“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მესი გუნდს ახლახან დაუბრუნდა და სავარჯიშო პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. ჯერჯერობით უცნობია, „ლა პულგას“ მოედანზე როდის ვიხილავთ, თუმცა ფრანგული პრესის ცნობით, ეს მალე უნდა მოხდეს.
რა თქვა მესიმ პსჟ-ში დაბრუნების შემდეგ
„ფიზიკურად ჯერ სათანადო კონდიციებში არ ვარ. კარგად ვივარჯიშებ, რომ სათამაშო რიტმი დავიბრუნო და მოედანზე გასასვლელად მზად ვიყო. როდესაც სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, მაშინ დავბრუნდები. კლუბის წარმომადგენლებმა საკმაოდ თბილი დახვედრა მომიწყვეს. მინდა ამისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან გახარებული ვარ.“