კიდევ 11 ფეხბურთელი - კამერუნისთვის გადაკეთებული ასაკი სერიოზული პრობლემაა
კამერუნის 17-წლამდე ნაკრები ცენტრალური აფრიკის საფეხბურთო ფედერაციების კავშირის ეგიდით გასამართი ტურნირისთვის ემზადება, მაგრამ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სამუელ ეტოოს ინიციატივით, ფეხბურთელებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდათ, რათა მათი რეალური ასაკი დაედგინათ და აღმოჩნდა, რომ მოთამაშეთა უმრავლესობას წლოვანება შეცვლილი ჰქონდა.
ეტოომ საჯაროდ განაცხადა, რომ თაღლითი ფეხბურთელების წინააღმდეგ იბრძვის და ის მოთამაშეები, რომლებმაც ტესტები ვერ გაიარეს, ნაკრებიდან მოკვეთეს. შედეგად, 17-წლამდე ნაკრების მიღმა გამოძახებული 30 ფეხბურთელიდან 21 დარჩა და სამწვრთნელო შტაბმა მათი შემცვლელების ძიება დაიწყო.
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, პრობლემები ამით არ დასრულებულა. 17-წლამდე ნაკრების ხელმძღვანელთა მიერ შერჩეული ფეხბურთელების ნაწილი ტყუილში გამოიჭირეს და ტესტი 11-მა მათგანმა ვერ გაიარა. მათ იგივე ბედი გაიზიარეს და გუნდის თავკაცს, ჟან პიერ ფიალას სხვა ფეხბურთელების შერჩევა მოუწევს.
როგორც მოგეხსენებათ, აფრიკულ ქვეყნებში ასაკის გადაკეთება სერიოზული პრობლემაა და კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სამუელ ეტოო მის აღმოფხვრას აპირებს.