ნეაპოლში სკაუტები გაგზავნეს - პრემიერ ლიგის კლუბები ხვიჩას აკვირდებიან
პრემიერ ლიგის კლუბები „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას თვალს აქტიურად ადევნებენ. ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „ლივერპულმა“, „ჩელსიმ“, „ტოტენჰემმა“ და „სიტიმ“ იტალიაში სკაუტები გაგზავნეს და ისინი „კვარას“ თამაშს აკვირდებიან.
„ჩელსის, ლივერპულის, ტოტენჰემისა და სიტის მთავარი სკაუტები იტალიაში ჩავიდნენ, რათა ხვიჩას დააკვირდნენ და თამაშებს დაესწრნონ. ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ ყოფილა, მაგრამ ის საინტერესო ფეხბურთელია და ბუნებრივია, დიდი კლუბები მას რომ აკვირდებიან. უახლოეს კვირებში, ნაპოლი შეეცდება, ქართველთან კონტრაქტი გააფორმოს და თავდასხმები, რომლებიც ნეაპოლში აუცილებლად იქნება, თავიდან აირიდოს“, - აცხადებს იტალიელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ სკირამ კვარაცხელიაზე რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „კვარას“ აგენტი, მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩაფრინდება. ის „პარტენოპეის“ წარმომადგენლებსა და შუამავალ კრისტიან ძაკარდოს შეხვდება, რათა კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი განიხილოს, რომლითაც ხვიჩას ხელფასი გაიზრდება.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია A-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია.