„ობობის ქსელში გაეხვია“ - იტალიაში ხვიჩას თამაშს აფასებენ
სერია A-ს მე-16 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდა და იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი წაგება იგება.
„სან სიროზე“ გამართულ მატჩში ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ედინ ჯეკომ გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ის სპალეტიმ 76-ე წუთზე ელიფ ელმაზით შეცვალა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა ბევრს შრომობდა და სახიფათო მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა „ინტერის“ დაცვამ ფაქტობრივად გასაქანი არ მისცა. უნდა აღინიშნოს „ნერაძურის“ მცველების უხეში თამაშიც. „ინტერის“ ფეხბურთელებმა კვარას რამდენიმე ეპიზოდში ფეხებში ძლიერად მოარტყეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:
Gazzetta dello Sport: შკინიარმა და დარმიანმა ქართველს ძლიერად ურტყეს. ხვიჩა მათი გავლენის ქვეშ მოქცევას არ აპირებდა, მაგრამ კაცის მოტყუების უნარი აშკარად აკლდა და პროგნოზირებადიც იყო.
Corriere dello Sport: ქართველისთვის მძიმე გამოცდილება იყო. ინძაგიმ მას რამდენიმე ფეხბურთელი დაუყენა. დარმიანი და ბარელა ერთმანეთს აზღვევდნენ, რომელსაც შკინიარიც ეხმარებოდათ. კვარა მთელი ძალით და გამბედაობით ცდილობდა, თუმცა ყოველგვარი შედეგის გარეშე.
Tuttosport: ხვიჩა ობობის ქსელში გაეხვია.
Repubblica: ის ხშირად მიდიოდა მოწინააღმდეგესთან ერთი-ერთზე, მაგრამ არ ჰქონდა ჩვეული ფეთქებადობა, რომლითაც თავი დაგვამახსოვრა.
Corriere della Sera: დრიბლინგების ოსტატს დღეს ბევრი ეპიზოდი არ ჰქონია. მისგან უფრო მეტს ველოდებით.
მარცხის მიუხედავად, „ნაპოლი“ კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება. 16 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდს 41 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „მილანს“ 5 ქულით უსწრებს. ნეაპოლიტანელები მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, კვლავ სტუმრად „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.