ჯოკოვიჩი: „იმედი მაქვს, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ყველა ტურნირზე ითამაშებენ“
სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ ორგანიზატორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა. 2022 წელს, „უიმბლდონმა“ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს საკუთარ ტურნირზე მონაწილეობის უფლება არ მისცა და ჯერჯერობით უცნობია, წლეულს გასამართ პირველობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. „ნოლე“ სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებული რეალობის შეცვლის მომხრეა.
„ვისურვებდი თუ არა, რომ აბსოლუტურად ყველა ჩოგბურთელს ნებისმიერ ტურნირზე შეეძლოს თამაში? რა თქმა უნდა! ამაზე ორი აზრი არაა! იმედი მაქვს, მედვედევსა და სხვა რუს და ბელარუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე თამაშის საშუალება ექნებათ“.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა ჩოგბურთის მმართველმა ორგანომ, ATP-იმ „უიმბლდონი“ რუსი და ბელარუსის სპორტსმენების არ დაშვების გამო დასაჯა. დიდი სლემის ტურნირი სარეიტინგო ქულების გარეშე დარჩა და ATP-ის განცხადების მიხედვით, ტურში დისკრიმინაციის ადგილი არაა.
ცნობისთვის, „უიმბლდონმა“ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არ დაშვების გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო. რამდენიმე რუსმა ჩოგბურთელმა საჯაროდ დააფიქსირა, რომ ომს ეწინააღმდეგება, თუმცა „უიმბლდონის“ პოზიცია მაინც უცვლელი დარჩა.