„პელეს თანაგუნდელებს დავეხმარე“ - ინფანტინომ სელფიზე ახსნა-განმარტება გააკეთა
ჯანი ინფანტინო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც პელეს სასახლესთან გადაღებულ სელფის უკავშირდება. ფიფას პრეზიდენტმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მომხდარზე ახსნა-განმარტება გააკეთა.
„შეძრწუნებული ვარ იმის გამო, რომ ვიღაცებმა გამაკრიტიკეს, რადგან პელეს გამოსათხოვარი ცერემონიისას, სელფი და ფოტოები გადავიღე. მინდა, განმარტება გავაკეთო და ვთქვა, რომ ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, რომ პელეს ყოფილმა თანაგუნდელებმა და ოჯახის წევრებმა მთხოვეს, ფოტოს გადაღება თუ შემეძლო, რაზეც უმალვე თანხმობა განვაცხადე.
სელფის რაც შეეხება, პელეს თანაგუნდელებმა მთხოვეს, ყველას ერთად სელფი გადაგვეღო, მაგრამ მათ არ იცოდნენ, ეს როგორ გაეკეთებინათ. გადავწყვიტე, დავხმარებოდი, ერთ-ერთ მათგანს ტელეფონი გამოვართვი და ფოტო გადავიღე. თუ პელეს თანაგუნდელისთვის დახმარების გამო მაკრიტიკებენ, მაშინ ამ კრიტიკას სიხარულით მივიღებ და მომავალშიც გავაგრძელებ დავეხმარო ადამიანებს, რომლებმაც ფეხბურთის ლეგენდარული ფურცლების დაწერაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. პელეს ისეთ პატივს ვცემ და მისით იმდენად ვარ აღფრთოვანებული, რომ არასდროს გავაკეთებ იმას, რაც მის მიმართ უპატივცემულობის გამოხატად ჩაითვლება“.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი Memorial Necrópole Ecumênica-ში დაკრძალეს, რომელიც ვერტიკალური სასაფლაო გახლავთ. „ფეხბურთის მეფესთან“ გამოთხოვების ცერემონია „სანტოსის“ საშინაო სტადიონზე გაიმართა, სადაც მან კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა. სამოქალაქო პანაშვიდი 24 საათს გაგრძელდა და პელეს დაახლოებით 230 000 ადამიანი გამოეთხოვა. მათ შორის იყო ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა.