ციკლონი, რომელიც იტალიის ჩემპიონატს დაატყდა - Gazzeta-ს მაგარი სტატია ხვიჩაზე
გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. „კვარას იდეა: მოაჯადოვოს სან სირო კიდევ ერთხელ, რათა ნაპოლის სერიას ბიძგი მისცეს“, - ასეთია აღნიშნული სტატიის სათაური და ცნობილი გაზეთი „კვარაზე“ ვრცლად წერს.
„სად ვიყავით კვარასთან დაკავშირებით? გაოცებისგან გამოწვეული აჟიოტაჟი და აღტაცება ლივერპულისგან, რომლის ენფილდი და კოპი მისმა დრიბლინგმა დაადუმა. ასევე, იყო, მისი ჩახვეული დარტყმები, რომლებითაც მან ნეაპოლელებს და ფეხბურთის უბრალო გულშემატკივრებს თავი შეაყვარა. ხვიჩა კვარაცხელია საზაფხულო ციკლონი იყო, რომელიც იტალიის ჩემპიონატს დაატყდა და იგი ემზადება, იქცეს ფენომენად, რომელიც აქ დიდხანს დარჩება.
წარმოუდგენელი მოთხრობა ბიჭზე, რომელიც ბრწყინვალე რეკომენდაციებით ჩამოვიდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ რა დრო სჭირდებათ ახალგაზრდებს უცხო ქვეყანასთან აკლიმატიზაციის გასავლელად, ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ თავიდანვე ასეთი ძლიერი იქნებოდა. KK77-ს აქვს ნიჭი, რომლითაც ძალიან ცოტა გამოირჩევა. მას შეუძლია, ურთულესი რაღაც უმარტივესად წარმოაჩინოს. ასწიეთ ხელი თუ იფიქრებდით, რომ გუნდის ყველაზე გადამწყვეტ ფეხბურთელებზე საუბრისას, ხვიჩას რომელუ ლუკაკუს გვერდით დავაყენებდით და მას შევადარებდით.
კვარადონამ, ესაა მეტსახელი, რომელიც ხვიჩამ მალევე მიიღო, ძალიან ცოტა დროში დაამტკიცა, რომ მშვიდად იყო და პრობლემები არ ჰქონდა. მარადონას სახელობის სტადიონზე მისული ქომაგებისგან მიღებული უდიდესი ყურადღება მისთვის ადრენალინად იქცა. ნეაპოლის გარეუბან ფუორიგროტაში, მან მშვიდად და შთამბეჭდავად დაიწყო, თითქოს იქვე მდებარე ქუჩაზე მცხოვრები ბავშვი ყოფილიყო. სადებიუტო შეხვედრაში, მან გოლი და ასისტები გაიფორმა, ხოლო მონცასთან ბრწყინვალე ბურთი შეაგდო. კვარაცხელიაზე თქვეს მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, დიდი კლუბების წინააღმდეგ რას იზამსო და ლაციოსთან მატჩში, რომელიც სპალეტის ბიჭებისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, გადამწყვეტი გოლი შეაგდო.
ლაციოს შემდეგ, იყო მილანთან დაპირისპირება, რომელშიც მან განსხვავება კიდევ ერთხელ შექმნა. თანაბარ პირველ ნახევარში, მან საკუთარი მეურვეები, კიაერი და კალაბრია რთულ მდგომარეობაში ჩააყენა და ორივეს ყვითელი ბარათები მიაღებინა. ამან სტეფანო პიოლი აიძულა, დაცვაში ამერიკელი ფეხბურთელი, სერჟინიო დესტი გამოეყვანა, რომელიც კვარამ ეგრევე გამოცადა. მილანის უკანახაზელმა შეცდომა დაუშვა და კვარაცხელიამ ნაპოლის პენალტი მოუპოვა. ხვიჩა სან სიროზე ბრუნდება არა როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც სიურპრიზი აღმოჩნდა, არამედ სახიფათო შემტევი, რომლისთვისაც სიმონე ინძაგიმ სპეციალური გეგმა შეიმუშავა და „გალია“ შექმნა, რათა იგი მაქსიმალურად შეზღუდოს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელები ჩემპიონების სტატუსს სწორედ ამ ვითარებებში აღწევენ. ხვიჩას აქვს უნარი, რომ გაიმეოროს ის, რაც მილანთან გააკეთა და შეიძლება, რაღაც განსხვავებულიც შექმნას. სან სიროს ყურადღების ცენტრში იქნება ვარსკვლავური პროექტი, რომელმაც უკვე აჩვენა, რომ წნეხი ან გაცემული ავანსების ზრდა მასზე არ მოქმედებს. KK77 მზადაა, თავისი კვალი დატოვოს“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. „ნაპოლის“ მომდევნო მეტოქე, „ინტერი“ 30 ქულით მე-5 პოზიციაზეა და საკუთარ კედლებში მხოლოდ ერთხელ, „რომასთან“ დამარცხდა. „ნერაძური“ „პარტენოპეისთანაც“ მასპინძელი იქნება და „კვარასა“ და კომპანიას თბილისის დროით, 23:45-ზე მიიღებს.