ფელიქსის ალტერნატივა - მანჩესტერი ჟირუს და ტურამს განიხილავს
მას შემდეგ, რაც რონალდუმ „მანჩესტერი“ დატოვა ერიკ ტენ ჰაგი მის შემცვლელს ეძებს. სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება ჟოაუ ფელიქსის შესახებ. ნიდერლანდელ სპეციალისტს „ატლეტიკოს“ შემტევის გადაბირება სურს, მაგრამ The Times ინფორმაციით გუნდები ჯერჯერობით ფინანსურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან.
ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ „წითელი ეშმაკები“ პორტუგალიელი შემტევის ალტერნატივად ოლივიე ჟირუს და მარკუს ტურამს განიხილავენ. ვეტერან ფრანგს „მილანთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყიდვა კარგი გამოსავალია, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, „როსონერი“ მისი კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
რაც შეეხება მარკუს ტურამს, ის პირადად ტენ ჰაგს მოსწონს, მაგრამ უკანასკნელ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გუნდი ახალი თავდამსხმელის შეძენის დროს მომთმენი იქნება და დიდ ყურადღებას გამოხატავს. ბოლო წლებში, „იუნაიტედმა“ ბევრი წამგებიან ტრანსფერი განახორციელა და ხელმძღვანელობას იგივე შეცდომის დაშვება არ სურს.
ერთი რამ კი ნათელია - მანჩესტერულ გრანდს ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება და მთავარი კანდიდატი ფელიქსია. უახლოეს დღეებში გაირკვევა შეძლებენ, თუ არა „წითელი ეშმაკები“ პორტუგალიელი ფეხბურთელის გადაბირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, „იუნაიტედი“ ჟირუს ან ტურამის შეძენას შეეცდება.