მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ბორდოს ქომაგებმა ზურიკო გამოარჩიეს
„ბორდოს“ გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი გამოარჩიეს. ფრანგულმა ვებგვერდმა, Webgirondins.com-მა ქომაგთა შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ „სოშოსთან“ გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვა.
ზურიკომ ხმების უმრავლესობა მიიღო და მას მხარი გულშემატკივართა 39 პროცენტმა დაუჭირა. მეორე ადგილზე გრეგერსენი გავიდა (21 პროცენტი), მესამე პუსინი იყო (14 პროცენტი), მეოთხე - მვანგა (9 პროცენტი), ხოლო მეხუთე მაია (5 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ ზურიკომ „სოშოსთან“ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა. ქართველი შემტევი „ბორდოს“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 32-ე წუთზე, მეტოქის კარიც აიღო. დავითაშვილმა ბაქვას გადაცემით ისარგებლა, მოწინააღმდეგე მცველი ბრწყინვალე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში 2:0 გახადა.
„სოშოსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ბორდოს“ 31 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. ზურიკო და კომპანია მომდევნო შეხვედრას „კაენის“ წინააღმდეგ გამართავენ და დავითაშვილის გუნდს მოედანზე 10 იანვარს ვიხილავთ.