ხვიჩა კვარაცხელია, თბილისის დინამო, რომან ფიფია
Aa
Aa

„შევამჩნიეთ, რომ ამ პატარა ბიჭს მეტი ყურადღება სჭირდებოდა“ - ფიფია La Repubblica-ს ესაუბრა

გავლენიანი იტალიური გამოცემა, La Repubblica საქართველოში იმყოფებოდა და ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლოზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა.

გამოცემის ჟურნალისტები თბილისის „დინამოს“ აკადემიას ეწვივნენ და ის ადგილი მოინახულეს, სადაც ხვიჩამ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა. La Repubblica-ს ვებ-გვერდზე „დინამოს“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას კომენტარი ვრცელდება, სადაც ის გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას მისვლას იხსენებს.

რას ამბობს ფიფია:

კვარა „დინამოს“ აკადემიაში 2012 წელს, დაარსების დღეს მოვიდა. მაშინ, აკადემიის პრეზენტაციაზე კრიშტიანუ რონალდუც იმყოფებოდა. თავიდან, ხვიჩა „ავაზას“ კლუბში ვარჯიშობდა, რომელსაც მამამისი წვრთნიდა. მისი პროგრესი 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც გვინდოდა, რომ ჩამოსულიყო და აკადემიაში ეცხოვრა. ეს გამონაკლისი იყო, რადგან თბილისის გარედან ჩამოსული ბავშვები სასტუმროში ცხოვრობდნენ.

შევამჩნიეთ, რომ ამ პატარა ბიჭს მეტი ყურადღება სჭირდებოდა. კვარას გამორჩეული დრიბლინგი ჰქონდა, თუმცა ფიზიკურადაც ძლიერი იყო. ეს ჩვენი აკადემიის დამსახურება იყო: კარგი სავარჯიშო პირობები, სწორი კვება, კარგი გარემო. 16 წლის ასაკში მან სადებიუტო გოლი ქობულეთის „შუქურასთან“ გაიტანა. როცა უფროსებში გიწევს თამაში, ეს ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ნახტომია. როდესაც ბავშვი ამ ბარიერს გადალახავს, თამაშიც თავისუფლად შეუძლია.

ახლა მინდა ნეაპოლში წავიდე, კლუბის პრეზიდენტს, დე ლაურენტისს შევხვდე და მათთან პარტნიორობის დამყარებაზე ვიმუშაო. სერია A-ში ჩვენი აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი, ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს. ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ ნიჭიერ ფეხბურთელებთან. უზომოდ გახარებულები ვართ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან კვარამ ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი იტალიის სერია A-ში მომდევნო შეხვედრას ხვალ, საქართველოს დროით 23:45 საათზე „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია მთავარი საფრთხეა - ინტერი ხვიჩასთვის განსაკუთრებულად ემზადება
კვარაცხელია მთავარი საფრთხეა - ინტერი ხვიჩასთვის განსაკუთრებულად ემზადება