კვარაცხელია მთავარი საფრთხეა - ინტერი ხვიჩასთვის განსაკუთრებულად ემზადება
ხვალ, თბილისის დროით, 23:45-ზე „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება გაიმართება. ცნობილი იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ი ამ შეხვედრას სტატიას უძღვნის და „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის გეგმებზე გვესაუბრება.
„კვარაცხელია მთავარი საფრთხეა. მართალია, ვიქტორ ოსიმენი ძალიან სახიფათოა და ინტერმა ეს საკუთარ თავზე უკვე გამოცადა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი ახალი ოპონენტია, რომელმაც სეზონის პირველ ნაწილში ისეთი მახასიათებლები გამოავლინა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
სიმონე ინძაგიმ კვარაცხელიასთვის 3-კაციანი „გალია“ მოამზადა, რომელსაც შკრინიარი, ბარელა და დუმფრისი შექმნიან. კვარას მეურვე ძირითადად შკრინიარი იქნება, რომელიც პირისპირ დარჩენილ მეტოქეებთან გამკლავების ოსტატია. მომენტებში მას ბარელა დაეხმარება, ხოლო დუმფრისი კვარაცხელიას აიძულებს, უკან დაიხიოს და დაცვაში ითამაშოს“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.