„ხვიჩას ვუსურვებ ისეთივე კარიერა ჰქონდეს, როგორიც რონალდოს“ - მასიმო მორატი
მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ, იტალიის სერია A ხვალ, მე-16 ტურის მატჩებით განახლდება.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ პირველი შეხვედრა ხვალ ელის. ლუჩიანო სპალეტის გუნდი სტუმრად სერია A-ს მოქმედ ჩემპიონს, „ინტერს“ „სან სიროზე“ დაუპირისპირდება.
მოახლოებულ შეხვედრაზე და მის მნიშვნელობაზე „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ რადიო Punto Nuovo-სთან ისაუბრა.
რა თქვა მორატიმ:
ეს შეხვედრა „ინტერისთვის“ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე „ნაპოლისთვის“, რადგან ეს უნდა იყოს აღმართი, რომელიც „ინტერს“ სეზონის განახლების შემდეგ მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.
„ნაპოლიზე“, როგორც გათამაშების ლიდერზე დიდი ზეწოლა იქნება, რადგან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, შეძლებს თუ არა სპალეტის გუნდი იმ სისწრაფის და სიძლიერის შენარჩუნებას, რომელიც მას სეზონის პირველ ნახევარში ჰქონდა.
თავის მხრივ, ზეწოლა „ინტერზეც“ იქნება, რადგან ეს მატჩი გადაწყვეტს იბრძოლებს თუ არა გუნდი სკუდეტოსთვის. ოთხშაბათს წაგება ნიშნავს, რომ „ინტერი“ საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდება.
„ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და ის „ნერაძურის“ ყოფილ ვარსკვლავ, ბრაზილიელ რონალდოს შეადარა:
ისინი სხვადასხვა სტილის მოთამაშეები არიან, თუმცა გავლენა მსგავსი იყო. თუმცა, როდესაც რონალდო იტალიაში ჩავიდა, მას უკვე იცნობდნენ და მოლოდინიც დიდი იყო.
ქართველს ვუსურვებ ისეთივე კარიერა და აფეთქება ჰქონდეს, როგორიც ბრაზილიელს. კვარაცხელიას ნიჭი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება „ნაპოლის“ ჩემპიონობისთვის.
ვფიქრობ, „ინტერის“ წინააღმდეგ მას და ოსიმენს შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება ხვალ, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.
15 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 41 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „მილანს“ 8 ქულით უსწრებს, „ინტერი“ კი 30 ქულით მე-5 ადგილზეა.