დონოვან მიტჩელის აფეთქება - 71 ქულა და NBA-ის რეკორდი
„კლივლენდ კავალიერსის“ სუპერვარსკვლავმა, დონოვან მიტჩელმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „კავსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ ოვერტაიმში დაამარცხა და 145:134 იმარჯვა, „სპაიდა“ კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და „კლივლენდის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მიტჩელმა პარკეტზე თითქმის 50 წუთი გაატარა და აქტივში 71 ქულა, 8 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. მიტჩელი NBA-ის ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც მატჩი მინიმუმ 70 ქულითა და 10 ასისტით დაასრულა. ამასთან, მან ქულების რაოდენობით, კარიერული და „კლივლენდის“ რეკორდი დაამყარა.
21-ე საუკუნეში, „სპაიდა“ მესამე კალათბურთელია, რომელმაც მინიმუმ 70 ქულა გააკეთა. დონოვანი დევინ ბუკერსა და კობი ბრაიანტს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ოვერტაიმში მიტჩელმა 13 ქულა ჩააგდო და დამატებითი ხუთწუთეული სწორედ მისი ორქულიანის შემდეგ დაინიშნა. დონოვანი პარკეტიდანაც ბრწყინვალე იყო და 34-დან 22 ბურთი, 15-დან 7 სამქულიანი და 25-დან 20 საჯარიმო გამოიყენა.
გეტყვით იმასაც, რომ „ჩიკაგოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 44 ქულა დემარ დეროუზენმა ჩააგდო. ზაკ ლავინის ანგარიშზე 26 ქულა იყო, ხოლო ნიკოლა ვუჩევიჩმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 20 ქულა, 13 მოხსნა. მიტჩელის გარდა, „კლივლენდის“ მხრიდან ჯარეტ ალენი გამოირჩა - 21 ქულა, 8 მოხსნა. ჩედი ოსმანმა 19 ქულა მიითვალა, კევინ ლავმა - 12 ქულა და 17 მოხსნა.