ვალენსია, ვილიარეალი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი - ვალენსია ვილიარეალთან მაინც დამარცხდა

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსია“ „ვილიარეალს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. გულშემატკივრებმა შესანიშნავი დაპირისპირება იხილეს.

მთელი მატჩს განმავლობაში მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, მაგრამ შედარებით აქტიური „წყალქვეშა ნავი“ იყო. აღსანიშნავია, რომ დიდებული მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და მინიმალური სხვაობით წაგება სწორედ მისი დამსახურებაა.

ანგარიში 21-ე წუთზე ედისონ კავანიმ გახსნა, რასაც ჩუკუვეზემ 45-ე წუთზე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ქართველი მეკარე აღნიშნულ ეპიზოდში უძლური იყო. მეორე ტაიმში სურათი არ შეიცვალა. მასპინძლები ბურთს ფლობდნენ, ხოლო გატუზოს შეგირდები კონტრ-შეტევებზე თამაშობდნენ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მამარდაშვილმა „ვალენსია“ არაერთხელ გადაარჩინა, თუმცა შეხვედრის 89-ე წუთზე „ღამურების“ კართან კუთხური დაინიშნა, რასაც ფოიტის გოლი მოყვა. თავდაპირველად დინამიკაში ისე გამოჩნდა, რომ გიორგი გამოსვლაზე შეცდა, თუმცა შემდეგ გამეორებაზე ვიხილეთ, რომ მას დიახაბი დაეჯახა და ბურთზე თამაშის შანსი დაუკარგა.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ჯენარო გატუზოს გუნდს სატურნირო ცხრილში 19 ქულა დარჩა და მეათე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში, „ვალენსია“ „კადისს“ უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 6 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები