რონალდუს შემდეგ იკარდი? - ალ ნასრიმ მოლაპარაკება დაიწყო
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარიერას „ალ ნასრიში“ გააგრძელებს. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არაბულ კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წლიურად ანაზღაურების სახით 200 მილიონ ევროს მიიღებს. ამით ვეტერანი შემტევი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება.
დღეს კი იტალიური მედია ახალ ინფორმაციას გვთავაზობს. როგორც ჩანს, „ალ ნასრის“ მადა გაეხსნა და კიდევ ერთი ვარსკვლავის დამატებას გეგმავს. საქმე ამჯერად „ინტერის“ ყოფილ თავდამსხმელს მაურო იკარდის ეხება, რომელიც ახლა „გალათასარაიში“ ირჯება.
Football Italia-ს ცნობით, არაბულმა კლუბმა არგენტინელი თავდამსხმელის გარემოცვასთან მოლაპარაკებები დაიწყო და პასუხი ჯერჯერობით დადებითია. ჯერჯერობით არ სახელდება, თუ რა ანაზღაურებას სთავაზობს „ალ ნასრი“ მაუროს, თუმცა დიდი ალბათობით საქმე საკმაოდ სოლიდურ თანხასთან გვექნება.
შეგახსენებთ, რომ იკარდის კარიერა მას შემდეგ წავიდა უკან, რაც 2019 წელს „ინტერი“ დატოვა და „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდში მან ფეხი ვერ მოიკიდა და 2022 წლის ზაფხულში „გალათასარაიში“ იჯარის წესით გადაბარგდა.