რომა, იბერია 1999, მოსკოვის დინამო, ომარ თეთრაძე, მიშა კალატოზიშვილი, პაოკ
Aa
Aa

კალატოზიშვილი: „თეთრაძეს საქართველო მეორე პლანზე არასდროს დაუყენებია“

„საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელად ომარ თეთრაძე დაინიშნა. გამომდინარე იქიდან, რომ თეთრაძე რუსეთის ნაკრებში თამაშობდა (1992-2002), მის დანიშვნას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა. ამ თემაზე საუბრის სურვილი ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ კალატოზიშვილმა გამოთქვა, რომელიც CrystalSport-ს დაუკავშირდა და ომარ თეთრაძის კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა.

მისი თქმით, მაშინ როცა ომარ თეთრაძე მოსკოვის „დინამოში“ საუკეთესო ფორმაში იყო, სფფ-ის ხელმძღვანელები მოსკოვში ჩავიდნენ, კახა ცხადაძეს ნაკრებში თამაში შესთავაზეს, მის თანაგუნდელ ომარ თეთრაძეს არც კი შეხვდნენ, რის შემდეგაც თეთრაძემ რუსეთის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

მიხეილ კალატოზიშვილი თეთრაძის თანაგუნდელი იყო, საბჭოთა კავშირის 16-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ასევე, თამაშობდა „ნორჩი დინამოელში“, თბილისის „დინამოს“ დუბლებსა და ოზურგეთის „მერცხალში“. კალატოზიშვილი თეთრაძის კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებს და პასუხობს მათ, ვინც თეთრაძის „საბურთალოში“ დანიშვნას კრიტიკულად შეხვდა.

„არ მიყვარს პოსტების და კომენტარების წერა, მაგრამ იძულებული გავხდი ეს მეთქვა მათ საყურადღებოდ, ვინც ომარ თეთრაძეს არ იცნობს. ვგულისხმობ, კლავიატურის ლომებსა და „პატრიოტებს“.

ომარ თეთრაძე ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, „ავაზას“ აღზრდილი, 35-ე საფეხბურთო სკოლის  ფეხბურთელი, იუნიორებში საქართველოს ნაკრების წევრი, 1987 წლიდან თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი, „დინამოსთან“ ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ითამაშა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოზურგეთის „მერცხალში“ გამოდიოდა. „დინამოდან“ ტრავმის გამო გამოუშვეს, უთხრეს, რომ ტრავმას ვერ მოირჩენდა,„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად“ ჩათვალეს. მან თავისი სახსრებით ოპერაცია გაიკეთა და ოზურგეთის „მერცხალს“ შეუერთდა.

ერთი წლის შემდეგ მოსკოვის „დინამოში“ თამაში შესთავაზეს. დიდი ფიქრის შემდეგ კარიერა მოსკოვის „დინამოში„ გააგრძელა. ოზურგეთში ერთად ვთამაშობდით, 90-იან წლებში მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება და თამაში. ჩემთვის სრულიად გასაგები იყო მისი გადაწყვეტილება, რომ მოსკოვის „დინამოში“ წასულიყო.

მოსკოვის „დინამოში“ ომარისთან ერთად კახა ცხადაძე თამაშობდა, საუკეთესოები იყვნენ, თამაშს არ ვტოვებდი, გულშემატკივრები მათი თამაშით აღფრთოვანებულები იყვნენ ,ერთ დღესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და კახას დაელაპარაკნენ საქართველოს ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, ომარის არც შეხვდნენ, რაზეც ძალიან დაწყდა გული.

რამდენიმე თვის შემდეგ ომარის შესთავაზეს რუსეთის ნაკრებში თამაში, იძულებული იყო გადაწყვეტილება მიეღო, გზა რომ გახსნოდა დიდ ფეხბურთში. საქართველოდან არანაირი შემოთავაზება არ ჩანდა თითქოს არც არსებობდა ესეთი ფეხბურთელი. ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება და მან მიიღო გადაწყვეტილება ეთამაშა რუსეთის ნაკრებში. ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ხომ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

მოსკოვის „დინამოს“ შემდეგ ვლადიკავკაზის „ალანიაში“ ითამაშა, 1997 წელს „რომაში“ გადავიდა, სადაც ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ ტოტი, დელვეკიო, კაფუ, ალდაირი. მთავარ მწვრთნელად ზემანი მუშაობდა. ომარი პირველი ქართველი იყო, რომელმაც ასეთ დიდ კლუბში ითამაშა, თუმცა მძიმე ტრავმის გამო 1999 წელს იტალიური კლუბი დატოვა და ბერძნულ პაოკ-ში გადავიდა. კარიერის მიწურულს რუსულ კლუბებში ითამაშა.

სამწვრთნელო კარიერა „ანჟიში“ დაიწყო, სადაც 5 ქართველი ჰყავდა, „ნიჟნი ნოვგოროდში“ კი - 7 ქართველი. სადაც კი უმუშავია მთავარ მწვრთნელად ყველგან აქცენტს ქართველ ფეხბურთელებზე აკეთებდა. შემდეგ როცა „ტობოლში“ მუშაობდა, ყაზახურ კლუბში ნიკა კვეკვესკირი მიიწვია, ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი. გზა ბევრს გაუხსნა და დაეხმარა. მისი ოჯახი სამი შვილით საქართველოში ცხოვრობს.

მცხვენია ამას რომ ვწერ, მაგრამ ბევრი ტვინგაყინული მაიძულებს, რომ სააშკარაოზე გამოვიტანო მისი და ოჯახის ქველმოქმედება, უამრავ ადამიანს ეხმარებიან, ვერის ტრაგედის დროს უსახლკაროდ დარჩენილებს ფულადი და საოჯახო ნივთებით დაეხმარნენ, ასეთი უამრავი შემთხვევა იყო. საქართველო პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს, გაიკითხეთ როგორი ადამიანია ომარ თეთრაძე, რომელსაც საქართველოში ბევრი ტკივილი მიაყენეს, გვარიც კი გადააკეთებინეს (თეთრაძე ბების გვარია), ოსიპოვს ვერ გათამაშებთო. ეროვნებით ბერძენი, თბილისში დაბადებული, სულითა გულით ქართველი, ერთგული ძმაკაცი, საქართველოზე შეყვარებული კაცი დიდი გულით. კაცს, რომელსაც უნდა ქართული ფეხბურთის წარმატება. რუსეთში დღესაც მოთხოვნადია ომარ თეთრაძე, მან რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან მეგობრებს უარი ვერ უთხრა.

„საბურთალოს“ შექმნას ომარის მეგობარმა, ცხონებულმა ქართლოს ჭუმბურიძემ ჩაუყარა საფუძველი. „საბურთალოს“ წინსვლას სათავეში უდგას ასევე ომარის მეგობარი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ძნელია კითხულობდე ასეთ ადამიანზე ზიზღით გაჟღენთილ კომენტარებს. მას საქართველო და ქართველი ხალხი მეორე პლაზე არასდროს დაუეყენებინა. ყოფილა შემთხვევები როდესაც გათახსირებულ ჟურნალისტს დაუწერია შეკვეთილი სტატია და პასუხის მოთხოვნის მერე ბოდიში მოუხდია. ასე რომ ასჯერ დაფიქრდით სანამ ჩირქს მოცხობთ წესიერ ადამიანს, პასუხი მოგეთხოვებათ თქვენს ყოველ სიტყვაზე თუ თავს კაცებათ თვლით. წარმატებები საქართველოს ფეხბურთს,საბურთალოს და ომარ თეთრაძეს“.

შეგახსენებთ, ომარ თეთრაძე „ანჟის“ (2007-10), ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგას“ (2010-11), „ხიმკის“ (2012-13), „ჟეტისუს“ (2013-14), „ენისეისა“ (2015-16) და „ტობოლის“ (2016-17) მთავარი მწვრთნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ბენეფისი და ბრწყინვალე გოლი - ბორდომ უშუალო კონკურენტს მოუგო
ზურიკოს ბენეფისი და ბრწყინვალე გოლი - ბორდომ უშუალო კონკურენტს მოუგო