„შოუ დადგა და ჟოგო ბონიტო იყო“ - როგორ გამოეხმაურნენ ზურიკოს თამაშს
საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის მე-17 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „სოშო“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა კარგი მატჩი ჩაატარა, ლამაზი გოლი გაიტანა და მისი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა.
რა დაიწერა პრესაში
Sud Ouest: „დავითაშვილმა შოუ დადგა. ქართველმა გარემარბმა, რომელიც შესანიშნავი გოლის ავტორია, იმდენი გააკეთა, რომ მისმა სისწრაფემ და ტექნიკამ ყველაფერი თავად თქვეს“.
„ამ საღამოს დავითაშვილი ჟოგო ბონიტოა“, - აცხადებს Sud Ouest-ის ჟურნალისტი, ფრედერიკ ლაჰარი.
„ზურიკო დავითაშვილი ძალიან მომწონს. მას ბურთი უყვარს. ბორდოს კარგი იდეა რომ მოსვლოდა და მისი მსგავსი ფეხბურთელები შეეძინა, ბევრად უკეთესი გუნდი იქნებოდა“, - წერს Footmercato-ს ჟურნალისტი, ჰანიფ ბენ ბერკანი.
რას ამბობენ ბორდოს ქომაგები
„დავითაშვილის ბრწყინვალე გოლზე არაფერია სათქმელი“.
„ღმერთო ჩემო, რა გიჟური მოძრაობა ზურიკოსგან და 2:0“.
„ამ ბიჭმა იცის, ფეხბურთი როგორ ითამაშოს“.
„ლიონელ დავითაშვილი“.
„ზურიკო, შენ რაღაც გიჟური გააკეთე“.
„ვინც არ იცით და გინდათ, კონტექსტის შესახებ იცოდეთ, ლიონელ მესი არგენტინის ზურიკო დავითაშვილია“.
ცნობისთვის, „ბორდომ“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ზურიკოს გუნდს 31 ქულა აქვს და სწორედ „სოშოს“ გადაასწრო, რომლის აქტივშიც 30 ქულა გახლავთ. „ბორდო“ მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს გამართავს და სტუმრად „კაენს“ დაუპირისპირდება.