დღე, როცა პელემ თასმების შეკვრის სანაცვლოდ 120 000 დოლარი მიიღო
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე გუშინ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ფეხბურთის მეფის“ წასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და უცხოურ პრესაში მასზე ბევრი დაიწერა და საინტერესო ვიდეოც გავრცელდა, რომელიც ცნობილი კომპანიების, Adidas-ისა და Puma-ს მეტოქეობას უკავშირდება.
ადოლფ და რუდოლფ დასლერები ზემოთ ხსენებული კომპანიების დამფუძნებლები არიან. თავდაპირველად, მათ ბიზნესი ერთად დაიწყეს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, მათი გზები გაიყო და ადოლფმა Adidas-ი დააარსა, ხოლო რუდოლფმა - Puma. ისინი თავიანთი კომპანიების პოპულარიზაციას მაქსიმალურად ცდილობდნენ, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი პელე ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი იყო.
ბრაზილიელის სტატუსის მიუხედავად, ძმებმა დასლერებმა ჩათვალეს, რომ მასთან კონტრაქტის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევდათ და ერთმანეთში „პელეს პაქტი“ დადეს, რომლის მიხედვითაც, მასთან თანამშრომლობა არც ერთ კომპანიას არ უნდა დაეწყო. 1970 წელს, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. Puma პელეს დაუკავშირდა და 120 000 აშშ დოლარი შესთავაზა, რათა მას კომპანიის მიერ დამზადებული ბუცებით ეთამაშა. სანაცვლოდ Puma მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ მატჩის დაწყებამდე, პელეს მთავარი არბიტრისთვის დრო ეთხოვა და თასმები შეეკრა.
„ფეხბურთის მეფე“ მიღებულ წინადადებას დათანხმდა და თასმების შეკვრის მომენტი არც ოპერატორს გამოჰპარვია. სხვათა შორის, იწერება, რომ Puma-მ მატჩის ოპერატორებს ფული გადაუხადა, რათა პელეს ქმედებებზე ყურადღება გაემახვილებინათ და მომენტი ახლო კადრით ეჩვენებინათ.