პელე
Aa
Aa

მეფემ დაგვტოვა - როგორ ემშვიდობება საფეხბურთო სამყარო პელეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და საფეხბურთო სამყარო „ფეხბურთის მეფეს“ ამ წუთებში ემშვიდობება.

„მშვიდად განისვენე, ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა. შენი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს. დარწმუნებული ვარ FC Heaven (სამოთხე) მარადონასთან და პელესთან ერთად დაუმარცხებელი იქნება".

- მესუთ იოზილი.

„დღეს, ფეხბურთმა თავის ისტორიაში უდიდესი ადამიანი დაკარგა, მე კი უნიკალური მეგობარი. მას სამი რამ უყვარდა: ფეხბურთი, თავისი ოჯახი და ყველა ადამიანი. ის ეთამაშებოდა ვარსკვლავებს, მაგრამ ყოველთვის მიწაზე რჩებოდა.

1977 წელს აშშ-ში გავემგზავრე, რადგან კოსმოსში პელესთან ერთად მეთამაშა. მის გვერდით გატარებული პერიოდი ჩემ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული. ჩვენ ჩემპიონები გავხდით, პელემ კი თავისი თეთრი ძმა მიწოდა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი პატივი იყო.

ჩემო მეგობარო, ფეხბურთი ყოველთვის შენი იქნება! შენ მარადიულად იცოცხლებ, მადლობა შენი თამაშისთვის“.

- ფრანც ბეკენბაუერი.

კილიან მბაპე: „ფეხბურთის მეფემ დაგვტოვა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა დავიწყებას არასდროს მიეცემა. მშვიდად განისვენე“.

ალან შირერი: „მშვიდად განისვენე, ლეგენდავ. შენ ეს თამაში ლამაზი გახადე და ნამდვილი სუპერვარსკვლავი იყავი“.

გარი ლინეკერი: „პელე გარდაიცვალა. ფეხბურთელთა შორის ყველაზე ღვთაებრივი და მამაკაცთან შორის ყველაზე მხიარული. იგი აჩვენებდა ფეხბურთს, რომელთან მიახლოებაც მხოლოდ რჩეულებმა შეძლეს. ამ ლამაზი ყვითელი მაისურით, მან ყველაზე სასურველი თასი სამჯერ აღმართა. მართალია, იგი ჩვენგან წავიდა, მაგრამ საფეხბურთო უკვდავება ყოველთვის მასთან იქნება. მშვიდად განისვენე პელე“.

ჯონ ტერი: „მშვიდად განისვენე, პელე“.

ჯეფ ჰერსტი: „პელეზე უამრავი მოგონება მაქვს და ორი აზრი არაა, რომ საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ჩემთვის, პელე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად რჩება და ვამაყობ, მასთან ერთად მოედანზე რომ ვიყავი. მშვიდად განისვენე, პელე და მადლობა“.

კრიშტიანუ რონალდუ: „ჩემი ღრმა სამძიმარი ბრაზილიას და განსაკუთრებით, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ოჯახს. მეფე პელესთვის ნათქვამი უბრალო „ნახვამდის“ საკმარისი არ იქნება იმ ტკივილის გამოსახატად, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ახლა განიცდის. იგი მილიონობით ადამიანის შთაგონების წყარო და მისაბაძი მაგალითი იყო გუშინ, დღეს და მომავალში. მას არასდროს დაივიწყებენ და ის ჩვენი, ფეხბურთის მოყვარულების მოგონებებში სამუდამოდ დარჩება. მშვიდად განისვენე, პელე“.

ნეიმარი: „პელემდე 10 მხოლოდ რიცხვი იყო. ეს ფრაზა ოდესღაც სადღაც წავიკითხე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი ფრაზაა, სრულყოფილი არაა. მე ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო. პელემ ყველაფერი შეცვალა. მან ფეხბურთი ხელოვნებად და გართობის საშუალებად აქცია. მან ღარიბებსა და შავკანიანებს ხმა აუმაღლა და რაც მთავარია, ბრაზილიას ცნობადობა მოუტანა. მეფის დახმარებით, ფეხბურთმა და ბრაზილიამ თავიანთი სტატუსი აიმაღლეს. ის წავიდა, მაგრამ მისი მაგია რჩება. პელე სამუდამოა!“

ლიონელ მესი: „მშვიდად განისვენე, პელე."

რივალდო: „ღმერთის მადლიერი ვარ, რომ პელე ბრაზილიელი იყო. ჩვენს ფეხბურთს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სცემენ პატივს იმის გამო, რაც მან მოედანზე გააკეთა და ეს დავიწყებას არასდროს მიეცემა. ვამაყობ, რომ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 10-ნომრიანი მაისურით ვითამაშე. პელე, შენი მემკვიდრეობა სამუდამოა“.

იოზეფ ბლატერი; „ძალიან სამწუხარო ინფორმაცია: პელემ დაგვტოვა. მსოფლიო თავის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელისა და შესანიშნავი ხასიათის მქონე ადამიანის სიკვდილს გლოვობს. ძვირფასო პელე, ძალიან დამწუხრებული ვარ და შენ და შენ მიერ გაწეულ სამუშაოს უდიდეს პატივს გცემთ. ჩემი სამძიმარი შენს ოჯახსა და მეგობრებს“.

ჰარი მაგუაიერი: „მშვიდად განისვენე, პელე. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და რა მისაბაძი მაგალითი მოედანზე და მის მიღმა. მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის ტრიუმფატორი, დაუჯერებელია!“.

ლუის ჰემილტონი: „დღეს, ლეგენდა დავკარგეთ. მადლობა, რომ შენი ტალანტი, გენიალურობა და სიყვარული გვაჩუქე. პელეს მემკვიდრეობა ჩვენი შთაგონების წყარო ყოველთვის იქნება“.

რიშარლისონი: „დღეს ფეხბურთი თავისი ისტორიის ყველაზე ლამაზ თავს ემშვიდობება. საუბარია ფეხბურთელზე, რომელიც მსოფლიოს აჯადოებდა და ფეხბურთის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. თქვენ ყოველთვის იქნებით საუკეთესო, რადგან 60 წლის წინ, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლებსაც გაუმკლავდით, გააკეთეთ ის, რასაც ბევრი ჩვენს ეპოქაში ვერ აკეთებს. შენ ხარ და ყოველთვის იქნები შეუდარებელი მეფე! შენ სამუდამო ხარ! მადლობა და დაე, ღმერთმა ხელებგაშლილმა მიგიღოს“.

გარი ნევილი: „მშვიდად განისვენე, ლეგენდავ. რა ღიმილი გქონდა...“

უეინ რუნი: „მშვიდად განისვენე, ლეგენდავ“.

კაზემირო: „მშვიდად განისვენე მეფევ. მადლობა დიდებისთვის, რომელიც ბრაზილიასა და ფეხბურთს აჩუქე. თქვენი მემკვიდრეობა სამუდამოა“.

რობერტო კარლოსი: „საფეხბურთო სამყარო მადლობას გიხდის იმ ფაქტისთვის, რომ პელეს ახსოვდა ადამიანები, რომლებიც ზეწოლის ქვეშ იყვნენ და ჩაგრავდნენ“.

ალექსანდერ ჩეფერინი: „ის პირველი მსოფლიო სუპერვარსკვლავი იყო და მისმა მიღწევებმა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ფეხბურთის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტად ქცევაში უდიდესი როლი ითამაშეს. ის ძალიან დაგვაკლდება. საფეხბურთო სამყაროს სახელით, მშვიდად განისვენე, პელე“.

ერლინგ ჰოლანდი: „ყველაფერს, რასაც ხედავთ, რომ ფეხბურთელები აკეთებენ, პირველმა პელემ გააკეთა. მშვიდად განისვენე“.

არტურ მელო: „მშვიდად განისვენე, მეფევ. ჩვენ ყოველთვის შენი მადლიერი ვიქნებით იმ ყველაფრისთვის, რაც ბრაზილიელებისთვის გააკეთე. ჩემი სამძიმარი ოჯახსა და მეგობრებს“.

ზიკო: „ნახვამდის! დღეს ჩვენმა პელემ დაგვტოვა. 10-ნომრიანი მაისური საფეხბურთო სამყაროში უდიადესი სიმბოლო ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. ის ყველა თაობისთვის შთაგონების წყაროდ დარჩება და ჩვენს გულებში ადგილს სამუდამოდ დაიკავებს“.

პიტერ შმეიხელი: „შენ მსოფლიოს ფეხბურთი შეაყვარე. მშვიდად განისვენე პელე“.

რობერტ ლევანდოვსკი: „მშვიდად განისვენე, ჩემპიონო. ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა, საფეხბურთო სამყარომ კი გმირი დაკარგა“.

იკერ კასილიასი: „ძალიან სამწუხარო დღე ფეხბურთისთვის! ამ სპორტის ნამდვილმა მითმა დაგვტოვა. თქვენით აღფრთოვანებული ვიყავი და ძალიან მიყვარდით! მშვიდად განისვენე, პელე“.

კაფუ: „პელე არასდროს მოკვდება! პელე სამუდამოა, ის მეფეა, ის უნიკალურია. ის უკვდავებას ყველა გასაოცარი გოლით, ყველა დარტყმით, მის მიერ შთაგონებული თითოეული ჩვენგანითა და ახალი თაობით მოიპოვებს. მშვიდად განისვენე, ძმაო“.

დიდიე დროგბა: „მშვიდად განისვენე, პელე. მადლობა ხალხისა და ფეხბურთის სიყვარულისთვის. შენი თავმდაბლობა გადამდები იყო. ჩემი სამძიმარი ბრაზილიელ ხალხსა და ამ სპორტის თითოეულ ქომაგს“

ზინედინ ზიდანი: „სამუდამო მეფე პელე“.

რაფაელ ნადალი: „სამწუხარო დღე საფეხბურთო სამყაროსთვის, სამწუხარო დღე სპორტული სამყაროსთვის. მისი მემკვიდრეობა ყოველთვის ჩვენთან იქნება. არ გამიმართლა და მისი თამაში არ მინახავს, თუმცა ყოველთვის ამბობდნენ, რომ ის ფეხბურთის მეფე იყო. მშვიდად განისვენე, მეფევ“.

გაბრიელ ბატისტუტა: „მადლობა ყველაფრისთვის, რაც საფეხბურთო სამყაროს მიეცით. მშვიდად განისვენე, ლეგენდავ“.

რომარიო: „ბრაზილია თავის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შვილს ემშვიდობება. მან მსოფლიოს აიძულა, მისი ტალანტის წინ დაეჩოქა და ბრაზილიური ფეხბურთი ღმერთების დონეზე აიყვანა. მან სპორტსმენების მთელი თაობა შთააგონა და სამუდამო თაყვანისცემას იმსახურებს“.

რონალდო: „უნიკალური, გენიალური, ტექნიკური, კრეატიული, იდეალური, განუმეორებელი. ყველგან, სადაც პელე წავიდა, საკუთარი ნაწილი დატოვა. მას უმაღლესი მწვერვალი არასდროს დაუტოვებია, თუმცა დღეს, ჩვენგან წავიდა. ფეხბურთის მეფე ერთია და ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. მსოფლიო გლოვობს. მწუხარება უდიდეს სიამაყეს შეერია, რომელიც მის მიერ დაწერილ ისტორიას ახლავს. ჩემო მეგობარო, რა პრივილეგია იყო, შენ შემდეგ ბრაზილიის ნაკრებში მოსვლა! შენი მემკვიდრეობა თაობათა საზღვრებს სცდება და ამის გამო, პელე სიცოცხლეს განაგრძობს. ჩვენ შენ დღეს და ყოველ დღე შეგიგრძნობთ. პელე, მადლობა! მშვიდად განისვენე“.

ფაბიო კაპელო: „ეს ძალიან სამწუხაროა და დღეს მთელი მსოფლიო გლოვობს. პელე შესანიშნავი ფეხბურთელი და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის ოჯახსა და მთელ ბრაზილიას სამძიმარს ვუცხადებ. დღევანდელი დღე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელია. მახსოვს, მის წინააღმდეგ როგორ ვთამაშობდი და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო“.

ჟოზე მოურინიო: „2005 წელს, BBC-ის ჯილდო პირდაპირ მეფის ხელიდან მივიღე და ის დღე, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტია, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა იგი მანჩესტერში ვნახე, სადაც თბილად ვისაუბრეთ და დრო კარგად გავატარეთ. შემდეგ იყო Hublot-ის ღონისძიება, რომლის მიმდინარეობისას კარგად ვიცინეთ. მშვიდად განისვენე, პელე და საყვარელ ადამიანებზე იფიქრე. ძალიან დამწუხრებული ვარ“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები