მანჩესტერ სიტის გეგმა - გრილიში ლეაუს სანაცვლოდ
ჯეკ გრილიშმა, რომელმაც „მანჩესტერ სიტიში“ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, შესაძლოა, კარიერა „მილანში“ განაგრძოს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, Calciomercatoweb-ი ავრცელებს და „ქალაქელთა“ სატრანსფერო გეგმებზე გვესაუბრება.
როგორც ირკვევა, „სიტი“ აპირებს, „როსონერის“ წინადადებით მიმართოს და გრილიშისა და რაფაელ ლეაუს გაცვლა შესთავაზოს. მილანელებს თავიანთი ლიდერის გასხვისების პერსპექტივა არ ხიბლავთ და ერთ-ერთი პრობლემა გრილიშის ხელფასია, რომელიც კვირაში 300 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
Sun-ის ცნობით, ლეაუს გადაბირების მთავარი მსურველი პეპ გუარდიოლაა. ეს უკანასკნელი პორტუგალიელი ფეხბურთელის თამაშით მოხიბლულია და თვლის, რომ მისი ტრანსფერი გუნდისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. იტალიური გამოცემა, Tuttomercatoweb-ი აცხადებს, რომ „სიტის“ „მილანის“ დაყოლიება გაუჭირდება და „ქალაქელთა“ წარმატების შანსი მცირეა.
შეგახსენებთ, რომ ლეაუს მიმართ ინტერესს ევროპული ფეხბურთის გრანდები იჩენენ და ერთ-ერთი მათგანი „ჩელსია“. „მილანი“ მზადაა, პორტუგალიელ გარემარბს შეელიოს, მაგრამ მის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღება სურს, რაზეც კლუბების უმრავლესობა უარს აცხადებს.