მე-12 ტურის MVP - თორნიკე შენგელიას აღიარება
თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ქართველი კალათბურთელის გუნდი გასულ ტურში „პესაროს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში 87:82 დაამარცხა.
თოკოს ნამდვილად გამორჩეული მატჩი ჰქონდა და შეიძლება ითქვას, რომ თავის ბოლონიურ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრაც ჩაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე 38:00 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო: 19 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა.
დამატებით ტაიმში შენგელიამ მეტოქის ფარში 6 ქულა ჩააგდო და გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. შეხვედრის დასრულებისთანავე 31 წლის კალათბურთელი მატჩის MVP გახდა, დღეს კი მთლიანი ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.
Tornik'e Shengelia è l'#MVP @UnipolSai_CRP della 12^ giornata ????
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) December 28, 2022
Il giocatore della @VirtusSegafredo, dopo la vittoria contro Pesaro, è stato votato da voi come miglior giocatore del turno! ????#TuttoUnAltroSport pic.twitter.com/4YfgLZF1nZ
„ვირტუს ბოლონია“ 12 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 11 მოგებით და 1 მარცხით პირველ ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 იანვარს, „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.