კობის და დანკანს გადაასწრო - დურანტის ისტორიული საღამო კლივლენდთან
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის მორიგ ტურში „ბრუკლინი“ „კლივლენდს“ ესტუმრა, 125:117 დაამარცხა და ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ამაში კი დიდი წვლილი კევინ დურანტმა შეიტანა, რომლისთვისაც ისტორიული საღამო გამოვიდა.
ამერიკელმა პარკეტზე 36 წუთი და 27 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში კევინმა 32 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ იყო.
დურანტმა ორი ლეგენდარული კალათბურთელის შედეგი გააუმჯობესა. NBA-ში ჩაგდებული ქულების რაოდენობით მან ტიმ დანკანს გადაასწრო. „სპურსის“ ყოფილი კალათბურთელის მაჩვენებელი 26 496 ქულა იყო და ახლა მას „ნეტსის“ ვარსკვლავმა აჯობა. ამ შედეგით დურანტი მე-15 ადგილზე გადავიდა.
With this bucket, Kevin Durant passed Tim Duncan for 15th on the all-time scoring list! pic.twitter.com/1OPIH2EspQ
— NBA (@NBA) December 27, 2022
კევინმა „კლივლენდთან“ მატჩში 3-ქულიანიც ჩააგდო და კობი ბრაიანტის შედეგი გააუმჯობესა. „ლეიკერსის“ ლეგენდას კარიერაში 1827 3-ქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. 34 წლის კალათბურთელი რეიტინგში 21-ე ადგილზე გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ „ბრუკლინ ნეტსი“ შემდეგ ტურში „ატლანტას“ დაუპირისპირდება. მატჩი 29 დეკემბრით თარიღდება.