კვარა: „ბევრს ვმუშაობ, რათა მეტოქეებისთვის არაპროგნოზირებადი ვიყო“
ცნობილმა ტელეარხმა, Dazn-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა და მას ვიდეო მიუძღვნა, რომელიც პირდაპირ ეთერში 28 დეკემბერს გავა. მანამდე, იტალიურ პრესაში ინტერვიუს მოკლე მონაკვეთი გავრცელდა, რომელშიც „კვარა“ უშუალო მეურვეებზე საუბრობს.
„დრიბლინგი და ჩემი თამაში? ეს არაა, რისი სწავლაც ვარჯიშზე ან ვიდეოების ყურებით შეიძლება. ყველაფერი, რასაც ჩემი მეტოქეები ჩემს სათამაშო სტილთან დაკავშირებით სწავლობენ და მისი ანალიზის შემდეგ იგებენ, არაფერში გამოადგებათ. ბევრს ვმუშაობ და მოედნის მიღმა ვემზადები, რათა ყოველთვის არაპროგნოზირებადი ვიყო“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
ცნობისთვის, დღეს, „კვარაზე“ მისმა ყოფილმა თავკაცმა, იური სიომინმა ისაუბრა და განაცხადა: „მეტსახელ „კვარადონა“-ში საშიში არაფერია. ხვიჩა მორცხვი ბიჭია და თავბრუ არ დაეხვევა. მას კარგი გარემოცვა ჰყავს და მარადონას არაფრით ჩამოუვარდება. ფიზიკური მონაცემების მხრივ, მის დონეზე იმყოფება. მასზე სუსტად არ დარბის და შესაძლოა, დისტანციაზე უფრო სწრაფიც იყოს. ხვიჩა მეტოქეების უხეშობებისადმი უფრო ამტანი გახდა. რუსეთში, ყოველი შეჯახების შემდეგ, ეცემოდა, იწვა და ექიმს ელოდებოდა, აქ კი ეს ყველაფერი მოიშორა“.