პარატიჩის მისი გადაბირება ისევ უნდა - ხვიჩა ტოტენჰემის რადარზე
ბრიტანულ პრესაში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე აქტიურად იწერება. რამდენიმე დღის წინ, „კვარა“ „ნიუკასლს“ დაუკავშირეს და განაცხადეს, რომ იგი „კაჭკაჭების“ მთავარი სამიზნეა, ახლახან კი კიდევ ერთი მსურველის შესახებ გახდა ცნობილი.
Football London-ის მიხედვით, კვარაცხელია „ტოტენჰემის“ რადარზე მოექცა. „დეზების“ სპორტულ დირექტორს, ფაბიო პარატიჩის, რომელსაც მისი შეძენა „იუვენტუსში“ ყოფნისასაც უნდოდა და მიზანთან ახლოს იყო, ხვიჩას გაფორმება სურს. ლონდონური გამოცემის ცნობით, საუბარი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას განხორციელებულ გარიგებაზე მიდის.
„ტოტენჰემის“ მთავარი გამოწვევა „ნაპოლის“ პოზიციაა. „პარტენოპეი“ ახალგაზრდა გარემარბთან გამოთხოვებას არ აპირებს და ნეაპოლელთა სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ ხვიჩა ზამთარში გუნდს არ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.