ვინ მიაღწია ყველაზე დიდ პროგრესს 2022 წელს - ესპანურ პრესაში მამარდა გამოარჩიეს
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, deportevalenciano-მ 2022 წელი შეაჯამა და „ვალენსიას“ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებმაც ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი მამარდაშვილია და deportevalenciano მას ლა ლიგის საუკეთესო მეკარეთა შორის მოიხსენიებს.
„ვალენსიასთვის 2022 წელი რთული იყო, თუმცა ინდივიდუალურ დონეზე, შეგვიძლია, რამდენიმე ფეხბურთელი გამოვარჩიოთ, რომლებმაც წინ წაიწიეს და მოკლევადიან პერსპექტივაში, გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან. გედეშისა და სოლერის გარეშე დარჩენილ ვალენსიას გოლები შემოაკლდა. მესტალია ორივე მათგანმა დატოვა და ყურადღება იმ ფეხბურთელებზე უნდა გადავიტანოთ, რომლებიც დღესდღეობით, ვალენსიას ღირსებას იცავენ.
უგო გილამონმა იმხელა პროგრესს მიაღწია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვდა. მართალია, ლუის ენრიკემ მას სათამაშო დრო არ მისცა, მაგრამ იგი გატუზოს გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. კარის ხაზზე გიორგი მამარდაშვილი გვყავს, რომელიც დიდი სიურპრიზია. ვალენსიას რიგებში შესანიშნავი მეკარე ირიცხება, რომელიც ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. უგო დუროს წინსვლა ჰქონდა, მაგრამ გატუზოს მოსვლამ სტაბილურობა დააკარგვინა და ტრავმამაც ხელი შეუშალა. დიახაბიმ და კორეიამაც პროგრესს მიაღწიეს, იუნუსს კი დრო აუცილებლად გაეზრდება“, - წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო მატჩს 31 დეკემბერს, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართავენ.