სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუ „კორნეს გამოწვევას“ ვერ გაუმკლავდა - ბოსტონმა მილუოკი დაამარცხა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში განსაკუთრებული დღე იყო და NBA-ის გულშემატკივრებმა საშობაო მატჩები იხილეს. პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსიც“ გავიდა, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანს, „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა - 118:139.

ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო მაშინ მიეცა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მოედანზე 3 წუთი და 41 წამი გაატარა. „მამუს“ აქტივში არაფერი ჩაუწერია და 2 სროლა გააფუჭა, თუმცა საინტერესო მომენტის მონაწილე გახდა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთითა და 20 წამით ადრე, მამუკელაშვილი პერიმეტრზე თავისუფალი დარჩა და სამიანის გასაშვებად მოემზადა. ამ დროს, მას „კორნეს გამოწვევის“ ჩაბარება მოუწია, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ გაუმკლავდა და ბურთი კალათს ააცილა.

„კორნეს გამოწვევა“ „ბოსტონის“ სათადარიგო ცენტრს, ლუკ კორნეს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა პერიმეტრზე მყოფი კალათბურთელებისთვის ხელის შესაშლელად ახალი მეთოდი მოიფიქრა. როცა კორნე ხვდება, რომ მეტოქესთან ახლოს მისვლას და ხელის შეშლას ვერ ასწრებს, იქვე ხტება, სადაც დგას, ხელებს მაქსიმალურად ზევით სწევს და ცდილობს, მოწინააღმდეგეს კალათის დანახვისას პრობლემები შეუქმნას.

ცნობისთვის, „სელტიქსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 41 ქულა ჯეისონ ტეიტუმმა ჩააგდო. ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 29 ქულა იყო, ხოლო დერიკ უაითმა 12 ქულა გააკეთა. „მილუოკის“ იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა - 27 ქულა, 9 მოხსნა. ჯრუ ჰოლიდეიმ 23 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა, ხოლო ბრუკ ლოპესმა 16 ქულა გააკეთა.

ამრიგად, „ბაქსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და 22 მოგებითა და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს, „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდა გვჯეროდეს, რომ ნაპოლის გავუსწრებთ“ - პიოლი საჩემპიონო ბრძოლაზე
„უნდა გვჯეროდეს, რომ ნაპოლის გავუსწრებთ“ - პიოლი საჩემპიონო ბრძოლაზე