რონალდო: მბაპე მე მგავს, მესიმ მოგება დაიმსახურა, ბრაზილიას კონტროლი დააკლდა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ განვლილი მსოფლიო ჩემპიონატი შეაჯამა და რამდენიმე მისთვის გამოსარჩევ თემაზე ისაუბრა.
„კიჭა“ მბაპეს, მესის და ბრაზილიის ნაკრების შესახებ საუბრობს:
მბაპეს შესახებ
„მას დიდი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა - პირველი მატჩიდან ბოლომდე. მაშინაც კი, როცა გოლის გატანა ვერ მოახერხა, როგორც ინგლისისა და მაროკოს წინააღმდეგ თამაშებში, მან მაინც გადამწყვეტი როლი ითამაშა და ჭკვიანური პასები შეასრულა.
ფინალში ის შესანიშნავი იყო და ოთხჯერ გაიტანა, მათ შორის პენალტების სერიაში. საოცარი ტექნიკა აქვს, თითქმის შეუჩერებელია. ის შეიძლება იყოს ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, ის ამას იმსახურებს.
მუნდიალზე ბევრი სწრაფი ფორვარდი იყო, მაგრამ ის ყველაზე სწრაფია და თან დიდი სხვაობით.
როცა ვუყურებ, ჩემი საუკეთესო წლები მახსენდება. მან ზუსტად იცის, როგორ ისარგებლოს თავისუფალი ზონებით, როგორ მოიქცეს და იყოს არაპროგნოზირებადი როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე, როგორ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი ნებისმიერი დუელიდან. ის შთამბეჭდავია".
მესის შესახებ
„მესის ჩემპიონატზე ბევრი შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, მან არგენტინა რამდენჯერმე გადაარჩინა.
ის ხაზებს შორის ძალიან ოსტატურად მოძრაობს და როგორც კი მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდება, მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია. მესიმ ჩემპიონობა დაიმსახურა“.
ბრაზილიის ნაკრებზე
„მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედფინალში გამოვარდა, გუნდმა ბრწყინვალე ჩემპიონატი ჩაატარა. რაც გუნდს აკლდა იყო უფრო სტრატეგიული მიდგომა ხორვატიასთან გოლის გატანის შემდეგ.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვმართოთ უპირატესობა უკეთ. არ უნდა დაუთმო მთელი ძალა მეორე გოლის გატანას. თქვენ უნდა გამოიყენოთ დრო, შეინარჩუნოთ ბურთი, უზრუნველყოთ მისი კონტროლი, რათა მოწინააღმდეგე უბრალოდ დარბოდეს და რაღაცის შეცვლის უნარის მიმართ რწმენას კარგავდეს. ბრაზილიას მხოლოდ ეს აკლდა“.