30 კლუბიდან ვერცერთი - რონალდუსა და მის აგენტს ურთიერთობა დაეძაბათ
კრიშტიანუ რონალდუსა და მის აგენტს ჟორჟე მენდეშს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
CNN-ის პორტუგალიელი ჟურნალისტის ბრუნო ანდრადეს თქმით, გასულ ზაფხულს, როდესაც კრიშტიანუმ გადაწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაეტოვებინა, მან თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს მისთვის ახალი კლუბის მოძებნა დაავალა.
მენდეშმა რონალდუსთვის 30-გუნდიანი სია შეადგინა, რომლიდანაც კრიშტიანუს ერთი უნდა აერჩია. „რონიმ“ 3 პოტენციური კლუბი აირჩია და მოლაპარაკება მენდეშს მიანდო. თუმცა აგენტმა ამ სამ კლუბთან მოლაპარაკებებში წარმატებას ვერ მიაღწია. ამის შემდეგ რონალდუმ კიდევ 5 კლუბი აირჩია, თუმცა მათთან მოლაპარაკებებიც წარუმატებლად დასრულდა.
ამ დროისთვის ფეხბურთელსა და აგენტს შორის ურთიერთობა დაძაბულია. კრიშტიანუ მენდეშის მუშაობით უკმაყოფილოა, თუმცა მის მიერ მოთხოვნილი პირობების შესრულება არცერთმა კლუბმა არ მოისურვა და მენდეშის წარუმატებლობა დიდწილად ამის ბრალიც იყო.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რონალდუს სკანდალურმა ინტერვიუმ და „იუნაიტედიდან“ ამ ფორმით წასვლამ, სხვა კლუბებს მასთან თანამშრომლობის სურვილი დაუკარგა. გარდა ამისა, პორტუგალიელი ასაკის მიუხედავად, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას ითხოვს, რაც ასევე დამატებითი პრობლემაა.
ბოლო დროს, მენდეში და რონალდუ ერთმანეთს საერთოდ აღარ ეკონტაქტებიან. საუდის არაბეთში ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს კრიშტიანუს მეგობარი და მისი მარჯვენა ხელი რიკარდუ რეგუფე აწარმოებს.