ონლაინ პეტიცია - ფრანგები ფინალის გადათამაშებას ითხოვენ
ფრანგები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშებას ითხოვენ. საამისოდ კი ონლაინ პეტიცია გახსნეს, სადაც ხელმოწერებს აგროვებენ. ბოლო ინფორმაციით, უკვე 200 000-ზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული.
„მსაჯობა აბსოლუტურად კორუმპირებული იყო, არგენტინელთათვის არ იყო დასანიშნი პენალტი, ასევე იყო მბაპეს წინააღმდეგ უხეში დარღვევა, როცა არგენტინელებმა მე-2 გაიტანეს!"
- წერს პეტიციის ავტორი.
აღსანიშნავია, რომ ფრანგები დამარცხების შემდეგ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშებასაც ითხოვდნენ. მაშინ მათ მიაჩნდათ, რომ ზიდანი მსაჯმა მოედნიდან წესების დარღვევით გააძევა. საუბარი იყო მატერაცისთან ინციდენტის მონიტორზე ნახვასთან დაკავშირებით, რისი უფლებაც მაშინ არბიტრებს არ ჰქონდათ.
მარჩინიაკი ფრანგებს პასუხობს
ფინალის პოლონელი არბიტრი შიმონ მარჩინიაკი ფრანგების ბრალდებებს პასუხობს:
„წავიკითხე L'Equipe-მა რაც დაწერა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ფეხბურთელები რას ამბობენ და მატჩის შემდეგ, ფრანგმა მოთამაშეებმა მადლობა გადამიხადეს. ისინი მსაჯობით კმაყოფილი იყვნენ და მათ შორის მბაპე, ლორისი და სხვები იყვნენ.
მესის გოლს რაც შეეხება, რა გავლენა ჰქონდათ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იმყოფებდნენ? გოლი რომ გამეუქმებინა, მათ ყოფნას თამაშზე გავლენა უნდა მოეხდინა. ფრანგებს დაავიწყდათ ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მბაპეს გოლისას მოედანზე მათი სათადარიგოთა სკამის 7 ფეხბურთელი იმყოფება“.