„მერაბთან ჩხუბს თავი აარიდე“ - დანიელ კორმიეს რჩევა შონ ომალის
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დანიელ კორმიემ შონ ომალიზე ისაუბრა. „დისიმ“ დაასახელა მეტოქე, რომელთანაც ჩხუბს ომალიმ თავი მაქსიმალურად უნდა აარიდოს და ეს მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გახლავთ. ომალის საჩემპიონო ამბიციები აქვს და ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბი სურს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, სატიტულო ბრძოლა უახლოეს მომავალში მიიღოს. თუ საჩემპიონო ჩხუბამდე ომალიმ ოქტაგონზე გასვლა გადაწყვიტა, კორმიე ურჩევს, „მანქანას" არ შეხვდეს.
„შონ ომალის ადგილას რომ ვიყო, მხოლოდ ერთი მებრძოლისგან დავიჭერდი თავს შორს და ეს მერაბ დვალიშვილია. ვფიქრობ, მერაბსა და მის სტილს, რომელიც მეტოქეზე ზეწოლის განხორციელებაზეა ორიენტირებული, ომალისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ.
არ ვამბობ, რომ ომალი აუცილებლად დამარცხდება, მაგრამ ჭიდაობისა და ზეწოლის გამო, ნამდვილად არ გინდა, რვაკუთხედში მერაბთან ერთად იყო. ეს ბიჭი ცხოველია. ვფიქრობ, როცა სატიტულო ბრძოლასთან ერთ ნაბიჯში ხარ, დვალიშვილთან ჩხუბზე თანხმობის განცხადება, სწორი გადაწყვეტილება არაა“.
შეგახსენებთ, რომ მერაბი ომალს წლებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი უამრავჯერ გამოთქვა. UFC-ის განახლებულ რეიტინგში, „მანქანა“ მე-3 ადგილს იკავებს, ამერიკელი კი, რომელმაც ბოლო ჩხუბში პიოტრ იანს აჯობა, ტიტულის მთავარი პრეტენდენტია.