მიქაუტაძის ინტერვიუ - „ბევრი არ მიფიქრია, როცა საქართველოში თამაში შემომთავაზეს“
„მეცის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საქართველოს ნაკრებზე, ფრანგულ კლუბზე და თავის კუმირზე ისაუბრა.
მეცის ძირითად გუნდში თამაშზე
„როცა კლუბში გადმოვედი, ჩემი მიზანი ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება იყო. მიხარია, ამას რომ მივაღწიე, მაგრამ არ უნდა გავჩერდე და ვგრძნობ, რომ კლუბს ჩემი სჯერა. არ ვიტყვი, რომ აქამდე ჩემი იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ შანსი არ მეძლეოდა და არ ვიცი, ასე რატომ ხდებოდა, ახლა კი სხვანაირი ვითარებაა და ძალიან ბედნიერი ვარ“.
საფეხბურთო კარიერა მეცში გადასვლამდე
„ფეხბურთის თამაში მამაჩემის ეზოში დავიწყე და ის ხშირად მეუბნებოდა, რომ ბურთი ყოველთვის ხელში მეჭირა. პირველ კლუბში, გერლანში 6 წლის ასაკში ჩავირიცხე და იქ ერთი სეზონი დავრჩი. შემდეგ ლიონს შევუერთდი, სადაც 14 წლამდე ვიყავი. ლიონში 7 წელიწადი გავატარე, მაგრამ ჩემი შენარჩუნება არ ისურვეს და იქვე მდებარე კლუბში, სენტ-პრიესტში გადავედი“.
ლიონის დატოვება მარტივი არ უნდა ყოფილიყო...
„ძალიან კარგად მახსოვს მომენტი, როცა გავიგე, რომ ლიონს ჩემი შენარჩუნება არ სურდა. საშინელი შეგრძნება დამეუფლა. ჩემი ქალაქის კლუბზე იყო საუბარი და როცა პატარა ლიონელი ხარ, შენი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე, შენი საყვარელი გუნდის მაისურით თამაშია. ჩემმა მშობლებმა უდიდესი მხარდაჭერა გამომიცხადეს. მითხრეს, რომ არ უნდა დავნებებულიყავი და მათ მოვუსმინე. პროფესიონალ ფეხბურთელად ქცევა ჩემს მიზნად დარჩა და სწორედ ეს გავაკეთე“.
როგორი იყო მეცში 2017 წელს გადასვლა
„რთული, რადგან ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნას შეჩვეული არ ვიყავი. 16 წლის ვიყავი და აბსოლუტურად მარტო აღმოვჩნდი. არავის ვიცნობდი და პირველი 6 თვის განმავლობაში, ბევრი არ მითამაშია. ოფიციალურ შეხვედრაში მხოლოდ 45 წუთი მომცეს, მე კი ამბიციებით სავსე ვიყავი. რთული იყო, რადგან თავდაჯერებული ვიყავი და ჩემი თავდაჯერებულობა ეგრევე გატყდა. იმ ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობდი, რომლებიც არ თამაშობდნენ, თუმცა არც ამჯერად დავნებებულვარ და ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი მშობლების იმედი შეიძლებოდა, მქონოდა. მათ იცოდნენ, ჩემი შესაძლებლობების შესახებ და ყველაფერს მოთმინებით მოვეკიდე. შანსი მომეცა, რომ თავი წარმომეჩინა და ის კარგად გამოვიყენე“.
სეზონის სტარტზე
„მინდა, ხალხს ვაჩვენო, რომ ბევრი გოლის გატანა შემიძლია და ეს სტარტი არ მაკვირვებს. სიმართლე გითხრათ, ჩემი თამაშით 100 პროცენტით კმაყოფილი არ ვარ. ჩემი მიზანია, დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვუმატო. მინდა, თავიდან ავირიდო 4-5-მატჩიანი სერიები, როცა გოლი ვერ გამაქვს“.
კარიმ ბენზემასთან შედარებაზე
„ვნახე, რომ სოციალურ ქსელებში ბენზემას შემადარეს და ეს სასაცილო იყო. კარიმს შესანიშნავი კარიერა აქვს და ულამაზესი ტიტულები მოუგია, რომლებიც შეიძლებოდა, ფეხბურთელს ინდივიდუალურ დონეზე მოეგო. იგი ჩემი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია. მას იმიტომ მადარებენ, რომ მეც ვცდილობ, კარგი თამაშები ჩავატარო და ვიცი, მომენტი როგორ დავასრულო“.
სანაკრებო კარიერაზე
„საქართველო არის ადგილი, სადაც ჩემი მშობლები გაიზარდნენ და ჩემი ოჯახი ცხოვრობს. ამიტომ, ეს ბუნებრივი არჩევანი იყო და ყოყმანი არ დამიწყია, როცა იქ თამაში შემომთავაზეს. ყოველთვის, როცა საქართველოს ნაკრებში მიძახებენ, ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ, როცა საქართველოს ნაკრების მაისურით გამოვდივარ. რა თქმა უნდა, სანაკრებო დონეზე ასპარეზობა და იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც დიდ ევროპულ კლუბებში გამოდიან, დიდი პლუსია. ეს გამოცდილების მიღებაში გეხმარება და როცა ნაკრებიდან ვბრუნდები, ვგრძნობ, რომ გაზრდილი ვარ“.