იერუსალიმის მასტერსი | სულამანიძე ჩემპიონია, მაისურაძე ბრინჯაოს დასჯერდა
ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ძიუდოისტთა მასტერსჯის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედლის მოპოვება შეძლო.
-100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე საჩემპიონო ბრძოლაში ნიდერლანდელ სიმონ კათარინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში, გაფრთხილებებით დაამარცხა.
-90 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ფალავანი გადამწყვეტ ბრძოლაში უზბეკ დავლატ ბობონოვთან გაიმარჯვა. შეხვედრის მიმდინარეობისას, ბობონოვმა ქართველ ძიუდოისტს აკრძალული ილეთი გაუკეთა, რის გამოც მსაჯებმა ის შეხვედრიდან მოხსნეს და გამარჯვებაც ავტომატურად მაისურაძეს ერგო.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ბექა ღვინიაშვილსაც ჰქონდა, თუმცა ბრაზილიელი რაფაელ მაჩედოს დამარცხება ვერ შეძლო და ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, იერუსალიმის მასტერსის გამარჯვებული -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო.