„გამოაჩინა, რომ ტრენტის ძლიერი მხარე დაცვა არაა“ - Breaking The Lines-ის ანალიზი ხვიჩაზე
ცნობილ სპორტულ ვებგვერდს, Breaking The Lines-ს საინტერესო რუბრიკა აქვს, რომელშიც ფეხბურთელთა ანალიზს გვთავაზობს. ამჯერად, Breaking The Lines-ის ყურადღების ცენტრში „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოექცა და სპორტული ვებგვერდი მის დახასიათებას გვთავაზობს.
„აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის საზღვარზე მდებარეობს ქვეყანა სახელად საქართველო, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის მესამედი თბილისის ბინადარია. ყველაზე წარმატებული ქართული კლუბი დინამო თბილისია. მან საქართველოს ჩემპიონობა 19-ჯერ იზეიმა და ქართულ ფეხბურთს ისეთი მოთამაშეები აღუზარდა, როგორებიც თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი არიან. ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა სწორედ დინამო თბილისში დაიწყო და კლუბის აკადემიას 2012 წელს შეუერთდა, 2017 წელს კი პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ერთი წლის შემდეგ, იგი რუსთავში გადავიდა და 2018 წელს, Guardian-მა 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა.
რუსეთში და საქართველოში გატარებული პერიოდის შემდეგ, იგი ნაპოლიში 10-12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. თავდაპირველად, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეს ტრანსფერი გრძელვადიან პერსპექტივაზე იყო გათვლილი, მაგრამ კვარაცხელიამ იტალიურ კლუბზე გავლენა მალევე მოახდინა და ვერონასთან მოგებულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, მონცასთან კი დუბლი გაიფორმა, რითიც კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საწყის ორ შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო.
იმის ნაცვლად, რომ კვარადონას მოეკლო, ლუჩანო სპალეტის დახმარებით, უფრო მაღალ დონეზე ავიდა. 21 წლის ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ გაჩენილი სიცარიელე შეავსო და ნაპოლის ბრწყინვალე სტარტში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. კვარაცხელია შესანიშნავი ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა, რომელთა წყალობითაც, ქომაგებს აღაფრთოვანებს და მათ მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მის მოუხელთებელ სტილს ნებისმიერ მცველში უფლის შიშის გაჩენა შეუძლია და ამის ნათელი მაგალითი ლივერპულთან ნაჩვენები ბრწყინვალე ასპარეზობაა, როცა მან ჯო გომესი გაანადგურა და გამოაჩინა, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ძლიერი მხარე დაცვაში თამაში არაა. კვარაცხელია 1vs1-ების სპეციალისტია და კრეატიულმა ფეხბურთელმა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე დიდ წარმატებას სწრაფად მიაღწია. ხვიჩამ დაამტკიცა, რომ პარტენოპეის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ, ეცდება, ბრწყინვალე ასპარეზობა გააგრძელოს“, - წერს Breaking The Lines-ი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება. კვარას გუნდი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.