პიოლი: “ნაპოლი თუ ასე გააგრძელებს მინიმუმ 100 ქულას დააგროვებს“
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და სულ მალე საკლუბო ფეხბურთი განახლდება. ევროპული გრანდები მოსამზადებელ პერიოდს გადიან. გამონაკლისი არც „მილანი“ გახლავთ, რომელიც უკვე 10 დღეა დუბაიში იმყოფება.
სხვადასხვა საკითხებზე „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა.
პიოლი:
„ჩემი ფეხბურთელების ხარისხში დარწმუნებული ვარ. მე მყავს უმაღლესი დონის მოთამაშეები, რომლებსაც ყველა მატჩის მოგება შეუძლიათ. ჩვენი დონე გაცილებით ამაღლდა. სამწუხაროდ, ჩვენი კონკურენტები გაცილებით ძლიერები არიან. მაგალითად „ნაპოლიმ“ თუ ასე გააგრძელა სეზონს მინიმუმ 100 ქულით დაასრულებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მათ მივულოცოთ.
როდესაც იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნდა არავის ეგონა, რომ ჩვენ ტიტულს მოვიგებდით. ზლატანი საკმაოდ ჭკვიანია და კარგად გაიაზრა როდის უნდა დაბრუნებულიყო. ის გუნდს, როგორც ფეხბურთელი მნიშვნელოვნად დაეხმარა, მაგრამ მინდორს გარეთაც დიდ სამუშაოს ასრულებს. ის ჭკვიანი და ინტელიგენტი ადამიანია..
არ ველოდებოდით, რომ ლეაო ჩამოვიდოდა და გუნდს შეუერთდება. მის საქციელს ვაფასებ. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. „მილანში“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები თამაშობენ და მათ განსხვავებული კულტურა აქვთ. საინტერესოა ის, რომ მათ საერთო ენა იპოვეს და ერთად ბედნიერები არიან. ლეაო „მილანში“ ძალიან განვითარდა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მას მწვერვალზე ასვლა შეუძლია.
მსოფლიო ჩემპიონატზე ტეო ერნანდესს და ჟირუს ვგულშემატკივრობდი. ჟირუს აქამდე უკვე მოგებული ჰქონდა და ტეოსთვის ეს პირველი მუნდიალი იყო. გამიხარდებოდა, რომ საფრანგეთი ჩემპიონი გამხდარიყო. ფეხბურთს ჰყავს სამი ლეგენდა - ესენი არიან მარადონა, პელე და მესი.“
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია ა-ში 15 ტურის შემდეგ, 33 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ნაპოლის“ 8 ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის, „როსონერის“ შემდეგი მატჩი 4 იანვარს სტუმრად „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ელოდება.