პირველი დღე უმედლოდ - სარდალაშვილი მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
იერუსალიმის მასტერსის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების მხრიდან მედალთან ყველაზე ახლოს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილი იყო, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ტაივანელ იან იუნვეისთან ოქროს დროში შიდოებით დამარცხდა. საბოლოოდ, სარდალაშვილი მე-5 ადგილს დასჯერდა.
სარდალაშვილი იერუსალიმის მასტერსში მეორე წრიდან ჩაერთო და უზბეკ დილშოდბეკ ბარატოვს ვაზარით სძლია, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ სარდალაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ესპანელ ფრანცისკო ჟარიგოს იპონით მოუგო და ფინალურ ბლოკში გადამწყვეტი შეხვედრა ტაივენელ სპორტსმენთან დათმო.
შეგახსენებთ, იერუსალიმის მასტერსის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების მხრიდან ტატამზე პირველი -66 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი წარდგა. ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ფრანგ მაქსიმ გობერს შეხვდა და იპონით დამარცხდა. შესაბამისად, 27 წლის ფალავანი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.
გოგონებში -57 კგ. წონით კატეროგიაში ეთერ ლიპარტელიანმა იასპარეზა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე რაუნდში კი იაპონელ ცუკასა იოშიდასთან იპონით დამარცხდა.
იერუსალიმის მასტერსზე, 21-22 დეკემბერს, ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია:
ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და ის ბრაზილიელ დანიელ კარნინისა და ნილს სტამპს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე შესაძლოა გიორგი ტერაშვილი იყოს ,რომელიც გათამაშების პირველ წრეში ებრაელ იდო ლევინს ხვდება.
81 კილოში მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში ასევე დაისვენებს. ტატოს მეტოქე მაროკოელ აჩრაფ მუტილსა და უნგრელ ატილა უნგვარს შორის გამარჯვებული იქნება.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი გამოვა. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს დაუპირისპირდება. ბექა ღვინიაშვილი ბერძენ თეოდორას ცელიდის შეხვდება, ხოლო ლუკა მაისურაძე თურქ მიჰაილ ზგანკს.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ჩვენი სახელით 4 ძიუდოისტი იასპარეზებს. ონისე სანებლიძე ძალებს უზბეკ მუზარფაბეკს ტურობოევთან მოსინჯავს. ილია სულამანიძე უნგრელ ცომბორ ვეგს შეერკინება. გიორგი ბერიაშვილის მეტოქე იტალიელი ჯენარო პირელი იქნება ,ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინს დაუპირისპირდება.
გოგონათა შორის სოფიო სომხიშვილი გერმანელ რენე ლუხტს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მასტერსი დოჰაში ჩატარდა, საიდანაც საქართველოს დელეგაცია 5 მედლით დაბრუნდა. ოქროს ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაეუფლნენ. ვერცხლი ბექა ღვინიაშვილი მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლაშა ბექაური და ვაჟა მარგველაშვილი დასჯერდნენ.