„ეს ძალიან სამარცხვინოა“ - ქებაძის კრიტიკა და სამინისტროს პასუხი
სამბოში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გოგონამ, ელენე ქებაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე მისალოცი პოსტი წაშალა და ამასთან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დელეგაციას აეროპორტში არავინ დახვედრია.
რას წერს ელენე ქებაძე:
„სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.
არაუშავს, მე ვაგრძლებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!“
ქართველი სამბისტის განცხადებას სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ უპასუხა:
„ქალბატონო ელენე, ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი წარმატება და დიდ პატივს გცემთ.
რაკი თქვენ ასეთი უსამართლო პოსტი შექმენით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ შეგახსენოთ იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მხოლოდ ბოლო დროს სპორტის სამინისტრომ თქვენი წარმატებისთვის გაიღო სახელმწიფოს სახელით.
ბოლო დროს, თორემ მხარდაჭერა მხოლოდ ბოლო დროით არ შემოიფარგლება და ამ სპორტის სახეობასაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ერთი სპორტსმენისთვის გაღებული სახსრებია.
ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).
1. თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან 2. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ. 3. 5 156 ლარი - მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ;
მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.
მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ!“
შეგახსენებთ, რომ +80 კგ. წონით კატეგორიაში ელენე ქებაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი ანჟელა გასპარიანი დაამარცხა და პლანეტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.